რუსთავში, ისევე როგორც სხვა რამდენიმე მუნიციპალიტეტში, საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. უფლებამოსილების ცნობის შემდეგ თავმჯდომარის პოზიციაზე საკუთარი კანდიდატურები ქართულმა ოცნებამ და ექპსრემიერის პარტიამ საქართველოსთვის დაასახელა, თუმცა წევრთა ნახევარზე მეტის მხარდაჭერის მოპოვება ვერცერთმა მათგანმა შეძლო.

რუსთავის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ნაციონალური მოძრაობიდან, დავით კირკიტაძემ განაცხადა, რომ შეთანხმების შემთხვევაში ისინი მზად იყვნენ მხარი დაეჭირათ გახარიას პარტიის წარდგენილი კანდიდატისთვის. კენჭისყრის დაწყებამდე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს, რათა გახარიას პარტიასთან კონსულტაციები გაემართათ, თუმცა შეხვედრა ვერ შედგა და პარტია დარბაზში აღარ დაბრუნებულა.

"ჩვენ მზად ვართ, რომ მათ [პარტია საქართველოსთვის] კანდიდატურას დავუჭიროთ მხარი. ოღონდ ეს უნდა გაკეთეს ღიად, ჩვენც ასე გვსურს, ამას სჭირდება შესაბამისი ბერკეტები საკრებულოში და არა თანამშრომლობა ქართულ ოცნებასთან", — განაცხადა დავით კირკიტაძემ.

"რადგან ოპოზიციური ფლანგიდან დასახელებული იქნა ერთი კანდიდატი, ჩვენ გავაკეთეთ განცხადება საკრებულოს სხდომაზე, რომ გამოვდივართ კონსულტაციებისთვის და გავივლით კონსულტაციას ოპოზიციურ პარტიასთან, თუ ამის სურვილი მათ ექნებათ და რეალური ოპოზიცია არიან. გავივლით კონსულტაციებს და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ მონაწილეობას საკრებულოს სხდომაში და თავმჯდომარის არჩევნებში", — ამბობს ენმ-ს კიდევ ერთი წევრი, ალექსანდრე ბერიძე.

გახარიას პარტიაში ამტკიცებენ, არც ქართილი ოცნება და არც ნაციონალური მოძრაობა არაა ორიენტირებული რუსთაველ ამომრჩეველზე.

"არცერთს არ სურს რეალურად აღსრულდეს რუსთაველი ამომრჩევლის ნება, რომ მომხდარიყო დაბალანსებული მმართველობა. ერთი პარტია, ისევე როგორც მეორე პარტია, ვერ თმობს საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესებს და ვერ ელევა ერთპიროვნულ მმართველობას", — განაცხადა ნათია შელეზიამ, პარტია საქართველოსთვის წევრმა.

ქართულ ოცნება თავმჯდომარის ვერარჩევაში ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებს,

"თითქოს ისინი ჩვენთან ითანამშრომლებდნენ იმ ძირითად პრინციპულ საკითხებზე, რომლებიც შეეხებოდა რუსთავის განვითარებას. სამწუხაროდ, ფაქტობრივად, აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ მოხდა. ნაციონალური მოძრაობა არის იმ ამპლუაში, რომელშიც მუმდივად არის. მათ აჩვენებს თავისის სახე. იმიტომ, რომ ისინი არათუ მოდიან თანამშრომლობაზე, არამედ, არც უფრთხილდებიან და არც პატივს არ სცემენ საკუთარი ამომრჩევლების ხმას", — განაცხადა მარი ლიპარტელიანმა.

რუსთავის საკრებულოში ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას თანაბარი, 16-16 მანდატი აქვთ, ხოლო გახარიას პარტიას 3 მანდატი.

დღეს ქვეყნის 64-ვე მუნიციპალიტეტში საკრებულოების ახალარჩეული შემადგენლობები პირველად შეიკრიბა. მმართველ პარტიას ყველა საკრებულოში ყველაზე მეტი მანდატი აქვს, თუმცა უმრავლესობა ყველგან არ ჰყავს. სწორედ ამიტომ, რამდნენიმე მუნიციპალიტეტში საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს.

გაიგე მეტი: