პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციის კრიტიკულობის გამო ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს ბოდიში მოუხადა. სარჯველაძემ წულუკიანი აქო და განაცხადა, რომ ის არა კრიტიკას, არამედ ქებას იმსახურებს.

"მე მინდოდა რამდენიმე საკითხზე გამოხმაურება, მაგრამ ის, რაც დღეს აქ მოვისმინეთ, უბრალოდ მავალდებულებს, რომ ცოტა სხვა აქცენტი გავაკეთო და აქცენტიც არა. რა თქმა უნდა, არ არის ეს ჩემი სათქმელი, რის თქმასაც ვაპირებ, მაგრამ, როგორც ჩანს, სხვა არავინ გამოჩნდება, ვინც ამას გააკეთებს — მე მინდა ბოდიში მოვიხადო იმისვის, რაც თქვენ დღეს აქ მოისმინეთ.

ეს არის მიუღებელი ადამიანურა და ეს არის ფსკერზე ქვემოთ. აბსოლუტურად დაუშვებელი ადამიანურად, არ ვიცი, უბრალოდ, ჰუმანიზმის, ქართველობის, პარლამენტარიზმის, ნებისმიერი კრიტერიუმის, სადაც არ უნდა ვთქვათ, რაც არ უნდა ვთქვათ", — განაცადა მან.

ამის ფონზე მან მადლობაც გადაუხადა წულუკიანს იმ საქმეების გამო, რასაც ქვეყნისთვის აკეთებს.

"ძალიან დიდი მადლობა, თუნდაც იმისთვის, რომ ოპოზიციიდან გამოთქმულ არცერთ კრიტიკულ სიტყვას თქვენ არ იმსახურებთ და რეალურად იმსახურებთ მადლიერებას, რეალურად ნაკეთები საქმეებისთვის, რომელიც რეალურად წარმოაჩენს ამ ქვეყანაში წარმატების მიღწევის ძალიან დიდ პერსპექტივებს, რომელიც იშლება ყოველდღიურად ამ საქმიანობის შედეგად. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. მე მაგალითად ყოველთვის მექნება იმედი, რომ იქ, სადაც თქვენ ბრძანდებით, თქვენი გუნდია, რეალურად არის შესაძლებელი, რომ საქართველო წარმოჩნდეს, როგორც ლიდერი კაცობრიობაში", — განაცხადა მან.

დეპუტატად არჩევამდე მიხეილ სარჯველაძე 7 წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროში, თეა წულუკიანის მოადგილე იყო: 2013-2018 წლებში მოადგილე, 2018-2020 წლებში კი პირველი მოადგილე.

მინისტრის საათი, რომლის ფარგლებშიც წულუკიანი საკანონდებლო ორგანოში მივიდა კამათისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციის დეპუტატებმა გააკრიტიკეს მინისტრი მისი გადაწყვეტილებების გამო, რასაც წულუკიანი ირონიულად პასუხობდა. ამის ფონზე ქართული ოცნების დეპუტატები მინისტრს აქებდნენ.

გაიგეთ მეტი: