ნოემბერში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, ბენზინის ფასი 44,7%-ით გაიზარდა — ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. გარდა ამისა, 40,4%-ით არის გაძვირებული დიზელის საწვავიც.

ამასთან, აღანიშნავია, რომ როგორც ბენზინის, ისე დიზელის ტიპის საწვავი ნოემბერში 10 ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტს შორის შედის.

ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე სუპერის ტიპის საწვავი საშუალოდ 3,4 ლარი ღირს, ხოლო დიზელის ტიპის საწვავი საშუალოდ — 3,14 ლარი.

ბოლო ერთ წელში საერთაშორისო ბაზრებზე Bret ტიპის ბარელი ნავთობის ფასი 46,3%-ით არის გაზრდილი და ბოლო მონაცემებით, 71,99 დოლარს შეადგენს. საერთაშორისო ფასები ერთ-ერთი ის ფაქტორია, რომლიც ქვეყანაში საწვავის ღირებულების დადგენაზე გავლენას ახდენს, რადგან, როგორც ცნობილია, საქართველოში საწვავი იმპორტის გზით შემოდის. საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის გაძვირება უმთავრესად ნავთობის მოპოვების შემცირებამ გამოიწვია — 2 დეკემბერს OPEC-ის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ნავთობის მოპოვებას დღე/ღამეში 400 ათასი ბარელით გაზრდიან. ექსპერტები ელოდებიან, რომ ნავთობპროდუქტების მიწოდების ზრდა საწვავის ფასების კლებას გამოიწვევს.

საწვავის გაძვირებაზე გავლენას სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული გადასახადებიც ახდენს. აქ აღსანიშნავია აქციზის გადასახადი, რომელიც ტონა ბენზინზე 2017 წელს გაორმაგდა და 500 ლარი შეადგინა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში ბენზინის ფასის შემცირებისთვის გამოსავალს მცურავი აქციზის გადასახადის შემოღებაში ხედავენ.

ქვეყანაში საწვავზე ფასების ზრდა მაღალი ინფლაციის ნაწილია. საქსტატის ინფორმაციით, ნოებმერში ფასების დონე წლიურად 12,5%-ით გაიზარდა. წლიურ ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა საკვებისა და ტრანსპორტის ჯგუფებში ფასების ზრდამ მოახდინა. გარდა ამისა, გაძვირებულია ყველა სასაქონლო ჯგუფში შემავალი პროდუქტები, გარდა კავშირგაბმულობისა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლოს საქართველოში 13,05%-იანი ინფლაცია იქნება და ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მე-16 ადგილს დაიკავებს. ეროვნული ბანკი ინფლაციის მაჩვენებლის დარეგულირებას 2022 წლიდან ელოდება.