კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, შიშობს, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის ტაძრის სახურავი მოსახსნელი იქნება. მისი თქმით, თუ ეს საჭირო გახდა, ისმის კითხვა, შესაძლებელია თუ არა მისი მოხსნა ისე, რომ უკვე დაზიანებულმა კედლის მხატვრობამ ეს აიტანოს.

"იტალიელ ექსპერტთა ჯგუფი ამ წუთშიც მუშაობს და რა თქმა უნდა, ჩვენ მათზე ვართ დამოკიდებული, რომ დადონ რეალური გამოსავალი, რომელიც არის კომპლექსური და გრძელვადიანი სტრატეგია და ამის შედეგად შემუშავდეს პრობლემის აღმოფხვრის პროექტი. ვშიშობ, თუმცა ამას დარწმუნებით ვერ განვაცხადებ, სანამ არ იქნება ეს დასკვნითი პროექტი, რომ ის კრამიტის სახურავი, რომელიც ძირითად ტაძარზე არის მოწყობილი ე.წ. დუღაბითურთ იქნება თავის დროზე მოსახსნელი.

ეს ძალიან დიდი სამუშაოა და როდესაც თქვენ მეკითხებით, რა არის მომავალი წლისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა სამინისტროსთვის, არის სწორედ ეს სახურავი, რომელიც თუ მოსახსნელი იქნება და 90%-ით ეს ასე იქნება, ეს არის უმძიმესი, როგორც მორალურად ასევე, ფსიქოლოგიურად და ამას კიდევ აიტანდა კაცი, ტექნიკურად. აქ დგება ის ერთი პრობლემა, რომელიც არის დილემა და რასაც იტალიელი ექსპერტები მუდმივად სვამენ და მათაც არ აქვთ პასუხი, შეგვიძლია თუ არა ჩვენ დავიწყოთ სახურავის მოხსნა, თუ ეს გახდა საჭირო ისე, რომ უკვე დაზიანებული კედლის მხატვრობამ ეს აიტანოს, იმიტომ, რომ ვიბრაციამ შეიძლება ეს დააზიანოს", — განაცხადა მან.

თეა წულუკიანმა კულტურის მინისტრად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში განაცხადა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციისას ძეგლთა დაცვის სააგენტომ სერიოზული ხარვეზები დაუშვა. მისი თქმით, ამ "ხარვეზების" გამოსწორება დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული. მოგვიანებით, სამინისტრომ განაცხადა, რომ გელათის მონასტერზე გამოყენებული ე.წ. თეთრი კრამიტი მინიმალურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. სამინისტრო აღნიშნავდა, რომ ძირითადი ტაძრის სახურავის დაახლოებით 800 კვ.მ. ფართობის გადახურვა სრულად მოსახსნელი იყო.