ცოტა ხნის წინ გამოცემა ABC News-თან მსახიობისა და პროდიუსერის, ალეკ ბოლდუინის ვრცელი ინტევრიუ გამოქვეყნდა, რომელშიც ბოლდუინმა ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე მომხდარ ტრაგედიაზე ისაუბრა. ოქტომბერში გადასაღებ მოედანზე სარეკვიზიტო იარაღიდან გასროლას 42 წლის ოპერატორი გალინა ხატჩინსი ემსხვერპლა, ფილმის რეჟისორი კი დაიჭრა.

ახალ ინტერვიუში ალეკ ბოლდუინი აცხადებს, რომ სასხლეტისთვის თითი არ გამოუკრავს:

"სასხლეტისთვის თითი არ გამომიკრავს...არასდროს არავის დავუმიზნებდი იარაღს და შემდეგ არც სასხლეტს გამოვკრავდი თითს", — ამბობს ბოლდუინი.

ბოლდუინის თქმით, მას იარაღი ხელში ხატჩინსის მითითებისამებრ ეჭირა. მისი მითითებების შესრულების დროს ჩახმახს ხელი გაუშვა და იარაღი თავისით გავარდა. ის მომხდარში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

"ვფიქრობ, რომ ვიღაც პასუხისმგებელია იმაზე, რაც მოხდა, მაგრამ ვიცი, რომ ის ადამიანი მე არ ვარ. ალბათ, თავს მოვიკლავდი, საკუთარ თავს დამნაშავედ რომ მივიჩნევდე და ამის უმიზეზოდ არ ვამბობ", — აღნიშნავს ბოლდუინი.

ალეკ ბოლდუინის აზრით, მთავარი კითხვა ისაა, თუ როგორ აღმოჩნდა ნამდვილი საბრძოლო ვაზნა გადასაღებ მოედანზე.

"იარაღი ცარიელი უნდა ყოფილიყო. მე მითხრეს, რომ ცარიელ იარაღს მაძლევდნენ. ერთადერთ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი: საიდან აღმოჩნდა გადასაღებ მოედანზე საბრძოლო ვაზნა? ვიღაცამ ნამდვილი ვაზნა ჩადო იარაღში, ვაზნა, რომელიც იქ საერთოდ არ უნდა ყოფილიყო", — ამბობს მსახიობი.

ინტერვიუში ალეკმა გარდაცვლილი ოპერატორი და მის ოჯახთან შეხვედრაც გაიხსენა. მისი თქმით, გალინა სამსახურში ყველას უყვარდა და არ იცოდა, მისი ოჯახისთვის რა ეთქვა და მომხდარი როგორ გამოესწორებინა.

ბოლდუინმა ისიც აღიარა, რომ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ მისი კარიერა შესაძლოა, საბოლოოდ დასრულდეს, თუმცა ეს უკვე აღარ ადარდებს.

იხილეთ ნაწყვეტი ინტერვიუდან:

ამავე თემაზე: