მოდით, ვაღიაროთ — როცა ავეჯის მაღაზიაში შევდივართ, ვის არ მოგვსვლია გონებაში აზრად, რომ უცბად ხალხი გამქრალიყო და იმ ფუმფულა საწოლებში კომფორტულად მოვკალათებულიყავით? ცხადია, ამის შესაძლებლობა მხოლოდ მათი ყიდვის შემთხვევაში გვექნებოდა, მაგრამ ასე გადაჭრითაც ნუ ვიტყვით...

ჩრდილოეთ დანიაში, ქალაქ ოლბორგში მდებარე ავეჯის ერთ-ერთ მაღაზიაში ექვსი მომხმარებელი და 24 თანამშრომელი იმყოფებოდა, როცა მოსაღამოვდა და ობიექტის დაკეტვა გახდა საჭირო. დაკეტვას ვინ ჩივის — თოვლის 30-სანტიმეტრიანი საფარის გამო, მაღაზიაში მყოფებმა კარი ვერც კი გააღეს. თუმცა, რადგან შიგნით თბილი ლოგინები და ფუმფულა ლეიბები ეგულებოდათ, პანიკის საფუძველი არ ყოფილა. საბოლოოდ, მაღაზიაში ჩარჩენილებს მთელი ღამის გატარება მართლაც გასაყიდ ავეჯში ჩაძინებულებს მოუხდათ.

"პირველ სართულზე, გასაყიდად გამოტანილ ავეჯში გვეძინა", — ადასტურებს მაღაზიის მენეჯერი, პეტერ ელმოსი, — "ყველას შეეძლო, საწოლი თავადვე აერჩია და იქ მოკალათებულიყო, სადაც ყოველთვის სურდა დაძინება".

ელმოსის თქმით, საღამო ტელევიზორის ყურებასა და ჭამაში გაატარეს, მთელი ეს ღამე კი "დიდი მხიარულება" იყო.

ავეჯის მაღაზია შემთხვევიდან მეორე დღეს.

ფოტო: Ikea Aalborg / Instagram

დანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ობიექტის გვერდით მდებარე სათამაშოების მაღაზიის თანამშრომლებსაც მთელი ღამის გატარება ამ შენობაში მოუწიათ.

"ვიღაცის მანქანაში ძილს ბევრად სჯობს", — აღნიშნავს სათამაშოების მაღაზიის თანამშრომელი, მიშელ ბერეტი, — "ამ ამბავზე სულ გვეცინებოდა, რადგან მსგავსი რამ ალბათ აღარასდროს შეგვემთხვევა".