მზის გარშემო დედამიწის ორბიტა არც ისეთი სტაბილურია, როგორიც წარმოგვიდგენია. ყოველ 405 000 წელიწადში ერთხელ ის 5 პროცენტით უფრო ელიფსური ხდება, შემდეგ კი ისევ პირვანდელ მდგომარეობას უბრუნდება. ამას ორბიტული ექსცენტრიულობა ეწოდება და ახალი კვლევის თანახმად, აქ არსებული სიცოცხლის ევოლუციაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

კერძოდ, სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ჩვენი პლანეტის მოძრაობის ტრაექტორიის ცვლილება ახალი სახეობების გაჩენას უწყობს ხელს. ეს მათ წყალმცენარეების ჯგუფში შემავალი ერთუჯრედიანი ორგანიზმების, კოკოლითოფორიდების მაგალითზე დაასკვნეს, რომლებიც მზის სინათლით საზრდოობენ და საკუთარი სხეულის გარშემო კირქვის ფირფიტებს, კოკოლითებს წარმოქმნიან. კალციუმის კარბონატისგან შედგენილი ამგვარი ჯავშნები ნამარხების სახით საკმაოდ დიდი რაოდენობით მოგვეპოვება, მათგან უძველესი ნიმუშები კი 215 მილიონი წლით თარიღდება, ანუ ზედა ტრიასულ პერიოდს ეკუთვნის.

აღნიშნული ფიტოპლანქტონები დედამიწის ბიოქიმიურ ციკლში დიდ როლს ასრულებენ, ამიტომ ის, რაც მათზე აისახება, აისახება მთლიან სისტემაზეც. გამოცემაში Nature გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორებმა 9 მილიონი კოკოლითი შეისწავლეს, რომელთა ერთობლიობაც ინდოეთისა და წყნარ ოკეანეებში ამ ორგანიზმების 2.8 მილიონი წლის ევოლუციას გვიჩვენებს.

ფოტო: Weimin Si

სხვადასხვა სახეობის გამოსავლენად, მკვლევრებმა ყურადღება ჯავშანთა ზომაზე გაამახვილეს, რომელიც ორბიტული ექსცენტრიულობის პიკის დროს შედარებით იზრდებოდა. ეს მოვლენა ტემპერატურის ცვლილებას უკავშირდება, რაც ეკვატორის მიმდებარედ სეზონების გახანგრძლივებით არის გამოწვეული. მსგავსმა პირობებმა კოკოლითოფორიდების გამრავალფეროვნებას შეუწყო ხელი.

ბოლო ასეთი ევოლუციური ფაზა დაახლოებით 550 000 წლის წინ დაიწყო, რის შედეგადაც Gephyrocapsa-ს გვარის წარმომადგენელი ახალი სახეობები გაჩნდნენ. ეს გენეტიკურმა მონაცემებმა ცხადყო. მეცნიერთა გამოთვლების მიხედვით, ისინი, სხვა მსგავს პლანქტონებთან ერთად, ნახშირბადის ციკლში არა მხოლოდ მონაწილეობენ, არამედ მას წარმართავენ კიდეც, რასაც ფოტოსინთეზითა და კირქვის ფორმირებით ახერხებენ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.