საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 76% ფიქრობს, რომ რუსეთთან ცუდი ურთიერთობა გვაქვს, 11 პროცენტი საქართველო-რუსეთის ურთიერთობას დადებითად აფასებს, ხოლო 12% არც კარგად და არც ცუდად.

გამოკითხულთა 53% სრულად უჭერს მხარს რუსეთთან შემდგომ დიალოგს, 10% კი სრულიად ეწინააღმდეგება.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 15% საქართველოს მთავრობის რუსეთთან ურთიერთობას ძალიან პოზიტიურად აფასებს, ხოლო 11% ძალიან ნეგატიურად.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 4 აპრილს გამოაქვეყნა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სოციალური გამოკითხვის შედეგები, რომელიც არაერთ მნიშვნელოვან საკითხს ეხება, მათ შორის ევროკავშირში გაწევრებას, რუსეთთან ურთიერთობებს, ასევე, მოსახლეობის პოლიტიკურ სიმპათიებს.

IRI-მ გამოკითხვა მთელი ქვეყნის მასშტაბით (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოკლებით) ჩაატარა 2017 წლის 22 თებერვლიდან 8 მარტის პერიოდში. პირისპირ ინტერვიუს სახით, სულ გამოიკითხა საქართველოში საარჩევნო ხმის უფლების მქონე 1 501 მუდმივი მაცხოვრებელი, პასუხი გაცემის მაჩვენებელი 69 პროცენტია, ცდომილების ზღვარი კი მერყეობს პლუს-მინუს 2,5 პროცენტით.