კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ლიტერატურულ პრემიას ლიტერას "კეზერაშვილის პრემიას" უწოდებს და აცხადებს, რომ სამინისტრო მას უკან არ დაიბრუნებს. ამაზე წულუკიანმა პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამის ნაცვლად ისინი ახალ ლიტერატურულ პრემიას დააფუძნებენ.

"ჩვენ გვქონდა ლიტერატურული პრემია სახელად ლიტერა, მე ღიად გეუბნებით, რომ ამ პრემიას, რომელიც გახდა კეზერაშვილის პრემია სამინისტრო უკან არ დაიბრუნებს. ჩვენ დავაფუძნებთ ახალ ლიტერატურულ პრემიას. მე ვაპირებდი სასამართლო დავის წამოწყებას, თუმცა ეს ვერ გავაკეთეთ, რადგან აღმოჩნდა, რომ როდესაც ეს კონკურსი და პრემია დაფუძნდა, ლიტერა, სახელმწიფო დონეზე არ იყო საკანონმდებლო არცერთი აქტი გამოცემული, რომელიც დაადასტურებდა, რომ ეს ნამდვილად სახელმწიფო კონკურსი და პრემიაა, შესაბამისად, როდესაც ეს კონკურსი და პრემია მიითვისა კერძო სტრუქტურამ, ჩვენ ვერ შევძელით სასამართლო დავის წამოწყება, ამიტომ ჩემი გადაწყვეტილებით, კეზერაშვილის პრემია დარჩება კეზერაშვილს", — განაცხადა მან.

ლიტერას მონაწილეებმა ბოიკოტი თავდაპირველად თეა წულუკიანის გამო გამოუცხადეს, ისინი მინისტრის განცხადებებსა და ქმედებებს აპროტესტებდნენ. ამას მოჰყვა ჟიურის წევრად კულტურის სამინისტროს წარმომადგენელის, იოსებ ჭუმბურიძის დანიშვნა. ჭუმბურიძის უკან გაწვევა კულტურის სამინისტროს იმავე დღეს საჯაროდაც მოსთხოვა მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭომ და ლიტერაში მონაწილე ავტორების, დიზაინერების, მთარგმნელებისა და გამომცემლების ნაწილმა.

კონკურსის ჩაშლამდე ერთი კვირით ადრე, ჟიური მწერალთა სახლის მიერ შერჩეულმა ოთხივე წევრმა დატოვა. ჟიურიში მხოლოდ სამინისტროს დანიშნული წევრი, იოსებ ჭუმბურიძე დარჩა. კულტურის სამინისტრო კითხვას, აპირებს თუ არა დანიშნული ჟიურის წევრის გაწვევას, არ პასუხობდა, თავად ჭუმბურიძე კი აცხადებდა, რომ "ჟიურიში რჩებოდა". საბოლოოდ, მწერალთა სახლმა ლიტერატურული კონკურსის ჩაშლის შესახებ განაცხადა. პრემია 2015 წლიდან არსებობდა.

ლიტერას ჩაშლის შემდეგ, თეა წულუკიანმა ახალი ლიტერატურული პრემია, "წლის საუკეთესო" დააანონსა. კულტურის მინისტრის განცხადებით, ამ პრემიის დაფუძნების ინიციატორი ქართული ოცნების დეპუტატი და ნოდარ დუმბაძის შვილი, ქეთევან დუმბაძეა.