თელავის საკრებულოს პირველ სხდომაზე ნაციონალურმა მოძრაობამ ბათუმის საკრებულოს ახალარჩეული წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის ფოტოები მიიტანა. ქართული ოცნების წევრმა ამას პოლიტიკური პერფორმანსი უწოდა და მათ "მუნიციპალიტეტის პატივივისცემისკენ" მოუწოდა.

"შემოვუერთდებით წუხილს, თუმცა მოდით, ნუ ვიმანიპულირებთ, პოლიტიკურ პერფორმანსებს ნუ დავდგამთ. ადამიანურ სამძიმარს ჩვენს მას გამოვუცხადებთ და მოდით, მუნიციპალიტეტს ვცეთ პატივი და იმ ადამიანის სულს ვცეთ პატივი, პირველ რიგში, მაგრამ არ გვინდა პოლიტიკური, ასე ვთქვათ, პერფორმანსები", — თქვა მან.

თელავის გარდა, ენმ-ის წევრები ფუტკარაძის ფოტოებით სხვა საკრებულოებშიც მივიდნენ. ისინი მის გარდაცვალებას ზეწოლას უკავშირებენ.

ნუგზარ ფუტკარაძე ბათუმის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი იყო. ის 18 ნოემბერს გარდაიცვალა. 24 ნოემბერს პარტიამ სპეციალური ბრიფინგი გამართა და მის გარდაცვალებაში ქართული ოცნება დაადანაშაულა. კერძოდ, ენმ-ში აცხადებენ, რომ ფუტკარაძეზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამა, ძალოვანი უწყების მოქმედი მაღალჩინოსანი, დავით რიჟვაძე ზეწოლას ახდენდა. აღსანიშნავია, რომ ენმ დავით რიჟვაძეს ოპოზიციონერი წევრების მუქარაში იქამდეც ადანაშაულებდა.

დღეს, 3 დეკემბერს მეშვიდე მოწვევის საკრებულოების პირველი სხდომა იმართება, სადაც თავმჯდომარეებს, მათ მოადგილეებსა და კომისიის წევრებს აირჩევენ.