IRI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, 2017 წლის მარტში უმუშევრობას უმთავრეს პრობლემად დაასახელა გამოკითხულთა 47 პროცენტმა, 2016 წელს კი ეს მაჩვენებელი 45 პროცენტი იყო.

წინა წელთა წელთან შედარებით, შვიდი პროცენტით, 24 პროცენტამდე გაიზარდა იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქვეყნის უმთავრესი პრობლემა ეკონომიკური კრიზისია.

2017 წელს მოსახლეობის ცხრა პროცენტმა დაასახელა ქვეყნის უმთავრეს პრობლემად ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, 2016-ში ეს მაჩვენებელი 14 პროცენტი იყო.

კითხვაზე, თუ რა მთავარ პრობლემას აწყდებით თქვენს ქალაქსა და სოფელში, 35 პროცენტი პასუხობს უმუშევრობას, 11 პროცენტი - გზებს, ცხრა პროცენტი - ეკონომიკურ კრიზისს, შვიდი პროცენტი სასმელ წყალს, ოთხი პროცენტი კი - გაზის მიწოდებას.

რაც შეეხება ოჯახის მთავარ პრობლემებს, მოსახლეობის დიდი ნაწილი, 42 პროცენტი, 2017 წელს ისევ და ისევ უმუშევრობას ასახელებს, 2016-ში ეს მაჩვენებელი 38 პროცენტი იყო, შემდეგ ადგილზე მოდის ეკონომიკური კრიზისი 15 პროცენტით და დაბალი ხელფასი - ექვსი პროცენტი.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 4 აპრილს გამოაქვეყნა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სოციალური გამოკითხვის შედეგები, რომელიც არაერთ მნიშვნელოვან საკითხს ეხება, მათ შორის ევროკავშირში გაწევრებას, რუსეთთან ურთიერთობებს, ასევე, მოსახლეობის პოლიტიკურ სიმპათიებს.

IRI-მ გამოკითხვა მთელი ქვეყნის მასშტაბით (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოკლებით) ჩაატარა 2017 წლის 22 თებერვლიდან 8 მარტის პერიოდში. პირისპირ ინტერვიუს სახით, სულ გამოიკითხა საქართველოში საარჩევნო ხმის უფლების მქონე 1 501 მუდმივი მაცხოვრებელი, პასუხი გაცემის მაჩვენებელი 69 პროცენტია, ცდომილების ზღვარი კი მერყეობს პლუს-მინუს 2,5 პროცენტით.