ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ფიქრობს, რომ ვაქცინაციის საინფორმაციაო კამპანია მასშტაბური იყო. ამის ფონზე, მან ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი და კამპანიის წარუმატებლობა კრიტიკას დააბრალა.

კითხვაზე, როგორ შეაფასებს ამ გადასახედიდან გადადგმულ ნაბიჯებს, როცა ცხადია, რომ წლის ბოლომდე დასახული გეგმა, მოსახლეობის 60%-ის აცრა, ვერ სრულდება, ტიკარაძე ასე პასუხობს:

"ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, აზრები იყოფოდა ყოველთვის და ჩვენ გვესმოდა მუდმივი კრიტიკა, იყო საინფორმაციო კამპანია წარმართული სწორად, თუ მცდარად. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაანალიზეთ სამინისტროში ყველა ის არსებული ღონისძიება, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ და მინდა ნამდვილად ვაღიარო, რომ კამპანია, რომელიც იყო წარმართული როგორც, ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ასევე, ჰოლდინგის და ყველა იმ უწყების მხრიდან, რომელიც იყო ამ პროცესში ჩართული, იყო ნამდვილად მასშტაბური".

მინისტრი აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო არ არის ყოვლისშემძლე და ამ უწყებასაც სჭირდება დახმარება, ამიტომ, მისი აზრით, უმჯობესი იქნება, კრიტიკის ნაცვლად, მხარდამჭერი გზავნილები რომ ისმოდეს.

"რა თქმა უნდა, იკვეთებოდა აქ, რაც ძალიან გულდასაწყვეტია, გარკვეული ნეგატიური მესიჯები, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენდა, ზოგადად, ვაქცინაციის პროცესზე. მნიშვნელოვანი არის, რომ სამომავლოდაც ჩვენ გავითვალისწინოთ და გავიაზროთ ის, როდესაც ხორციელდება მოსახლეობის და ქვეყნისთვის ასეთი ფრიად მნიშნელოვანი ღონისძიებები, მნიშვნელოვანი არის ყველა კუთხით იყოს ის მხარდაჭერილი, არ გვესმოდეს მხოლოდ კრიტიკა, არამედ გვესმოდეს რაღაცა გაცილებით უფრო მეტი მხარდაჭერა ამ მიმართულებით.

ვინაიდან, ნამდვილად, ჯანდაცვის სამინისტრო არ არის ყოვლისშემძლე უწყება და მასაც სჭირდება მხარდაჭერა და არამხოლოდ კრიტიკა, არამედ გარკვეული გზამკვლევი ბევრი უწყებისა და ზოგადად, საზოგადოებისგანაც", — განაცხადა მინისტრმა.

საზოგადოების ნაწილი და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ხშირად აკრიტიკებენ სახელმწიფო უწყებებს, ჯანდაცვის სამინისტროსა და NCDC-ის ვაქცინაციის კამპანიის პასიურობის გამო. განსაკუთრებით, კრიტიკის ობიექტი ხდება პრემიერმინისტრი, რომელიც მუდმივად უსვამს ხაზს, რომ ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება.

მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ის ნაბიჯები, რაც გადადგეს, მათ შორის, პირდაპირ ეთერებში აცრა, წამახალისებელი ლატარია და ბონუსი პენსიონერებისთვის, მნიშვნელოვანი იყო. აღსანიშნია, რომ თავად ჯანდაცვის მინისტრი საჯაროდ მხოლოდ ერთი დოზითაა აცრილი და ამ დრომდე უცნობია, გაიკეთა თუ არა მან ვაქცინის მეორე დოზა.