გალფი ხელს უწყობს თანამშრომლების განათლებას და ყველა სტუდენტ ჩამსხმელ ოპერატორსა და მოლარე კონსულტანტს დაუფინანსებს სწავლას. კომპანია სოციალური პასუხისმგებლობის მრავალფეროვანი პროექტებით გამოირჩევა და ამჯერად თანამშრომლების კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე იწყებს ზრუნვას.

სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე წინა ხაზის თანამშრომლებს კომპანია სთავაზობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებში სწავლის ღირებულების თანადაფინანსებას.

იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტ თანამშრომელს აღნიშნული სასწავლო წლისათვის საერთოდ არ აქვს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტი, კომპანია მას ამ გრანტის სრული ოდენობის 50%-ს დაუფინანსებს, მათ კი, ვისაც სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის 50 ან 70% აქვთ მოპოვებული, კომპანია სწავლის გადასახადის დარჩენილ ნაწილს სრულად დაუფარავს.