საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 73 პროცენტი საქართველოს მთავარ პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს ასახელებს, იგივე ქვეყანას მთავარ ეკონომიკურ საფრთხედ ასახელებს გამოკითხულთა 57 პროცენტი. ეკონომიკურ საფრთხეებთან დაკავშირებით პასუხი არ გასცა, ან "არ ვიცი" უპასუხა 27-მა პროცენტმა, პოლიტიკურ საფრთხეებზე კი იგივე პასუხი 17-მა პროცენტმა გასცა.

მოსახლეობის მხოლოდ 16 პროცენტი მიიჩნევს რუსეთს მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად. რაც შეეხება გამოკითხულთა ყველაზე დიდ წილს, 42 პროცენტს, საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვნად პარტნიორად მიაჩნია ევროკავშირი, 33 პროცენტს - აშშ, 20 პროცენტს - აზერბაიჯანი, 28 პროცენტს - უკრაინა, ხოლო 14 პროცენტს - თურქეთი, 12 პროცენტს - სომხეთი, ხოლო ორ პროცენტს - ირანი.

გამოკითხულთა შვიდი პროცენტი საქართველოს მთავარ პოლიტიკურ საფრთხედ აშშ-ს ასახელებს, ევროკავშირს კი - მხოლოდ ორი პროცენტი.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 4 აპრილს გამოაქვეყნა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სოციალური გამოკითხვის შედეგები, რომელიც არაერთ მნიშვნელოვან საკითხს ეხება, მათ შორის ევროკავშირში გაწევრებას, რუსეთთან ურთიერთობებს, ასევე, მოსახლეობის პოლიტიკურ სიმპათიებს.

IRI-მ გამოკითხვა მთელი ქვეყნის მასშტაბით (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოკლებით) ჩაატარა 2017 წლის 22 თებერვლიდან 8 მარტის პერიოდში. პირისპირ ინტერვიუს სახით, სულ გამოიკითხა საქართველოში საარჩევნო ხმის უფლების მქონე 1 501 მუდმივი მაცხოვრებელი, პასუხი გაცემის მაჩვენებელი 69 პროცენტია, ცდომილების ზღვარი კი მერყეობს პლუს-მინუს 2,5 პროცენტით.