მას შემდეგ, რაც შარშან თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი პირველად გაიმართა დისტანციურად, ბევრი ადგილობრივი კინომოყვარულისთვის ეს ნამდვილი დღესასწაული წელს კვლავ ტრადიციულ ფორმატს დაუბრუნდა და 5-დან 12 დეკემბრის ჩათვლით ისევ ფიზიკურად შეგვიძლია დავესწროთ "ამირანისა" და საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზებში ჩვენებებს და დიდ ეკრანზე ვიხილოთ ჩვენთვის უკვე ნაცნობი ხელოვანების ახალი ნამუშევრები ან კიდევ სრულიად უცნობი რეჟისორების შემოქმედება აღმოვაჩინოთ.

მართალია, პანდემიური რეალობიდან გამომდინარე მთელი რიგი უსაფრთხოების წესების დაცვით, მაგრამ ქართველ სინეფილებს წელს შესაძლებლობა ისევ ეძლევათ, რომ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2021 წლის როგორც აზიური, ევროპული და ამერიკული, ისე ქართული კინოს ახალი და საინტერესო ფილმები იხილონ.

ფესტივალის წლევანდელი პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანია და ის მოიცავს ისეთ სექციებს, როგორებიცაა "ევროპული კინოს ფორუმი", "ჰორიზონტები", რეტროსპექტივა და სხვა, მაგრამ ამ სტატიაში სანავიგაციოდ იმ რამდენიმე ფილმს წარმოგიდგენთ, რომლებიც სხვადასხვა გემოვნების მაყურებელს, ალბათ, ყველაზე მეტად დააინტერესებს და ფესტივალზე მისი ხილვის შესაძლებლობაც არ უნდა გაუშვას ხელიდან.

1. რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ? — რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე

ადგილობრივმა მაყურებელმა, პირველ რიგში, ქართული კინოს ამ ახალ მარგალიტს არ უნდა აუაროს გვერდი, რადგან ალექსანდრე კობერიძის რიგით მეორე სრულმეტრაჟიანმა ნამუშევარმა დიდ საერთაშორისო წარმატებას მიაღწია და მას ლამის ყველა კრიტიკოსი ერთხმად აფასებს დადებითად: თითქმის 30-წლიანი პაუზის შემდეგ ეს პირველი ქართული ფილმი გახდა, რომელიც ბერლინალეს საკონკურსო პროგრამაში მოხვდა, მოგვიანებით კი ამავე საერთაშორისო ფესტივალზე კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციამ (ფიპრესი) საუკეთესო კინოსურათად დაასახელა.

2. Drive My Car (მართე ჩემი მანქანა) — რეჟისორი რიუსკე ჰამაგუჩი

კანის 74-ე კინოფესტივალზე იაპონელი რეჟისორის ეს ნამუშევარი საუკეთესო სცენარისთვის დაჯილდოვდა, ამიტომ ის აუცილებლად იმსახურებს მაყურებლის ყურადღებას. აღსანიშნავია, რომ სცენარი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწერლის ჰარუკი მურაკამის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით შეიქმნა, საქართველოში კი ამ ავტორს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს და ალბათ, მათაც დააინტერესებთ ეს ეკრანიზაცია.

3. მოთვინიერება — სალომე ჯაში

საქართველოს უახლოეს წარსულში ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული, სიურრეალისტური და ალბათ გროტესკული ეპიზოდის შესახებ — ზღვაზე გიგანტური ხეების გადაცურვა — ქართველმა რეჟისორმა დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომელიც სხვა თუ არაფერი, ისეთი შთამბეჭდავი სცენებითაა დახუნძლული, რომლებითაც აუცილებლად დიდ ეკრანზე უნდა დატკბე.

4. Benedetta (ბენედეტა) — რეჟისორი პოლ ვერჰოვენი

პოლ ვერჰოვენის წინა ფილმი Elle (ის ქალი) იზაბელ იუპერის მონაწილეობით იმდენად საოცარი იყო, რომ თუნდაც მხოლოდ იმ შთაბეჭდილებების ინერციით უნდა ნახოს მაყურებელმა მისი შემდეგი სურათი, რომლის შესახებაც გარკვეულმა ქართულმა კონსერვატიულმა ჯგუფებმა რომ გაიგონ, კვლავ აქციებს მოაწყობდნენ კინოთეატრ ამირანის წინ. თუმცა, ალბათ, ამისთვის უკვე მეტისმეტად აცივდა.

5. ოთარის სიკვდილი — რეჟისორი სოსო ბლიაძე

წლევანდელ პროგრამაში განსაკუთრებით ბევრი ახალი და საინტერესო ქართული ფილმია წარმოდგენილი, რაც, ალბათ, ქართული კინოს გულშემატკივრებს ძალიან უნდა ახარებდეთ და მათ შორისაა ოთარის სიკვდილი, რომელიც მოზარდი ბიჭის, 16 წლის ნიკას ცხოვრებაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად განვითარებულ მოვლენებზე მოგვითხრობს.

6. Memoria (მეხსიერება) — რეჟისორი აპიჩატპონგ ვირასეტაკული

ეს ფილმი, ალბათ, განსაკუთრებით იმ მაყურებელს დააინტერესებს, რომელსაც ყველაზე უჩვეულო სანახაობა იტაცებს, მეტიც, მზადაა, რომ ისეთ თავგადასავალში გადაეშვას, რომელიც სრულიად უნიკალური იქნება და სხვა არაფერს ჰგავს. ტაილანდელი რეჟისორის ამ კინოსურათში კი წინამძღოლობას არც მეტი, არც ნაკლები, განუმეორებელი ტილდა სუინტონი გაგიწევთ.

7. Lamb (კრავი) — რეჟისორი ვალდიმარ იოჰანსონი

ვირასეტაკულის ფილმისა არ იყოს, ეს ისლანდიური კინოსურათიც უზომოდ გააოცებს მათ, ვინც ძირითადად "ტრადიციულ" სიუჟეტებსაა მიჩვეული. კრავს ხშირად საშინელება ჟანრის ფილმად მოიხსენიებენ, თუმცა ის იმდენად საშიში არ არის, რამდენადაც რეალისტურად შემზარავია მასში მოთხრობილი ზღაპრული ამბავი და ისლანდიის თვალისმომჭრელ ხედებთან ერთად მაყურებელზე წარუშლელ კვალს ტოვებს.

8. The Worst Person in the World (ყველაზე ცუდი ადამიანი დედამიწის ზურგზე) — რეჟისორი იოაკიმ ტრიერი

ამ ნორვეგიული ფილმის სიუჟეტი ოსლოში ვითარდება და მაყურებელს შესაძლებლობა ეძლევა, ისტორიის გმირებთან ერთად კიდევ ერთხელ სცადოს, უკეთ ჩასწვდეს ურთიერთობების არსს და თან ამავდროულად ყოველდღიურობის სირთულეებში გაერკვეს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ სწორედ ამ ფილმში მონაწილეობისთვის მსახიობი რენატე რეინსვე წლევანდელ კანის ფესტივალზე საუკეთესო მსახიობ ქალად დაასახელეს.

9. Bad Luck Banging, or Looney Porn (უიღბლო ჟიმაობა, ანუ გადარეული პორნო) — რეჟისორი რადუ ჟუდე

ამ ფილმის სანახავად თითქმის ორსაათიან კინოჩვენებაზე დასწრებას ბევრი, ალბათ, თუნდაც მხოლოდ მისი სახელწოდების გამო გადაწყვეტს... თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ რუმინელი რეჟისორის ეს ნამუშევარი წლევანდელ ბერლინალეზე წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა და ნამდვილად ღირს იმის გაგება, თუ რითი მოიხიბლა ჟიური ამ კომედიურ დრამაში.

10. დასაწყისი — რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი

მართალია, ქართველი რეჟისორის ეს სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი ჯერ კიდევ შარშან გამოვიდა და მალევე მიიქცია საერთაშორისო აუდიტორიის ყურადღება, თუმცა, სამწუხაროდ, ქართველ მაყურებელთა დიდ ნაწილს მისი ხილვის საშუალება აქამდე არ მისცემია. ამიტომაც ეს შესაძლებლობა ყველამ უნდა გამოიყენოს, რათა თანამედროვე ქართული კინოს ეს ერთ-ერთი, უდავოდ, გამორჩეული ნიმუში დიდ ეკრანზე იხილოს.

ასევე იხილეთ: