ე.წ. პიჯაკების საქმის პროკურორ გიორგი მუჯირის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე უამრავი ტყუილი თქვა. მუჯირის თქმით, ექსპრეზიდენტმა სპა პროცედურებისა და ფუფუნების საგნების მოხმარება აღიარა, რაც დაცვის მხარისთვის მნიშვნელოვანია.

"წარმოდგენილია 49 ბაინდერად დოკუმენტაცია, რომელიც პირდაპირ ასახავს მიხეილ სააკაშვილისთვის და მისი გარემოცვისთვის კომფორტის შექმნისთვის გახარჯულ თანხებს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, ბრალდების მხარისთვის მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც ამ განცხადებაში ჩვენ მოვისმინეთ ბრალდებულის, მიხეილ სააკაშვილის აღიარება, რომ იმ სპა პროცედურებს თუ ფუფუნების საგნებს ნამდვილად თვითონ მოიხმარდა. შვილის სწავლის დაფინანსებაც სწორედ მისი გადაწყვეტილი იყო და ამის ახსნა იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი სიტყვა, რომ ეკუთვნოდა. რეალურად, კი სამართლებრივი საფუძველი ამ დანახარჯს არ გააჩნდა", — ამბობს მუჯირი.

პროკურორი ამტკიცებს, რომ არ მოიპოვება არცერთი დოკუმენტი, რომელიც სააკაშვილის ძვირადღირებული ვიზიტების სახელმწიფო მნიშვნელობაზე მიუთითებს.

"მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში ჩვენ მოვისმინეთ უამრავი ტყუილი, პირობითად, ტაილანდში დასვენება, სადაც ერთი სასტუმროს ნომერი ორი დღის განმავლობაში დაჯდა 60 ათასი ლარი, თითქოსდა, ემსახურებოდა რამე სახელმწიფო ინტერესს. რეალურად, ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი განკარგულება, რომელსაც თავად მიხეილ სააკაშვილი აწერს ხელს, სადაც მითითებულია, რომ უნდა გადახდილიყო ბრალდებულის, მიხეილ სააკაშვილის VIP მომსახურება, რაც რეალურად, განხორციელდა, და არცერთი დოკუმენტი არ მოიპოვება იმის თაობაზე, რომელიც მიუთითებდა ამ ვიზიტისას რამე სახელმწიფო მნიშვნელობაზე. მსგავს ტყუილს, გვაქვს მოლოდინი, რომ მოვისმენთ ძალიან ბევრჯერ. პირობითად, ლას-ვეგასში დასვენება, მას შეუძლია ფანტაზიის სრული სპექტრი მოიშველიოს და დაასახელოს ნებისმიერი პირი მსოფლიოს მასშტაბით, რომ თითქოს ამ პერიოდში შეხვდა", — აცხადებს ის.

გიორგი მუჯირი ის პროკურორია, რომლის აცილებაც გამართულ სხდომაზე სააკაშვილმა და მისმა ადვოკატებმა მოითხოვეს. თუმცა, მოსამართლე ბადრი ჯოჭლამაზიშვილმა ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დღეს, 2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. პიჯაკების საქმის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელსაც სააკაშვილიც ესწრებოდა. სააკაშვილს ბრალად სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების გაფლანგვა ედება. საუბარია 9 მილიონ 24 ათას 667 ლარის გაფლანგვაზე. დანაშაული 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.