ქვეყნის ეკონომიკური თუ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში გადამწყვეტი როლი ადგილობრივ მოსახლეობას და მათ საქმიანობას უჭირავს. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი რაც შეიძლება მეტი რესურსი მივმართოთ იმ ადამიანთა მხარდასაჭერად, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას ლოკალურად, საკუთარ რეგიონებში, ქალაქებსა თუ სოფლებში ეწევიან.

დღესდღეობით საქართველოში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სოფლად მცხოვრებ ქალ მეწარმეთა გაძლიერება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი ეს წალკაა, რომელსაც უკვე მესამე წელია ახორციელებს CENN წალკის მუნიციპალიტეტში. სწორედ აღნიშნული პროექტის ფარგლებში წალკაში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა, სვეტლანა ერგიშევამ შეძლო საკუთარი პურსაცხობის განახლება და გაფართოება. პროექტის საერთო ღირებულება 60 000 ლარია, საიდანაც ევროკავშირის კონტრიბუციას 75% შეადგენს.

ფოტო: CENN

უნდა ითქვას, რომ წალკაში მსგავსი მცირე ბიზნესის მხარდაჭერა ოჯახების გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია. როგორც სვეტლანა ამბობს, ფინანსური რესურსის ნაკლებობის გამო, მათ არ შეეძლოთ საკმარისი რაოდენობის პროდუქტის წარმოება, არსებული ტექნიკის განახლების საფუძველზე კი ოჯახმა არამარტო წარმოების გაზრდა შეძლო, არამედ განაახლა ასორტიმენტი და ბაზარზე ისეთი სახეობის პურის წარმოება დაიწყო, რომელიც რეგიონში საერთოდ არ ცხვება.

სვეტლანა ოჯახთან ერთად საქმიანობას 15 წელია ეწევა, თუმცა პროექტის ფარგლებში მათ პირველად მიეცათ შესაძლებლობა ეწარმოებინათ ბევრად მეტი რაოდენობისა თუ სახეობის პროდუქტი და დაენერგათ ჰასპის სტანდარტი. მიზნის მისაღწევად პროექტის ფარგლებში შეიძინეს იმდროინდელ საცხობ ღუმელზე უფრო დიდი ცომის საზელი და პურის საცხობი ღუმელი, რომელსაც უფრო ნაკლებიენერგოდანახარჯი აქვს. რაც მთავარია, ახლა უკვე შესაძლებელია რამდენიმე სახეობის პურის ერთდროულად გამოცხობა, რაც სხვადასხვა რესურსს ზოგავს. პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა დანადგარის შეძენის გარდა მათ საწარმოს გარემონტების შესაძლებლობაც მიეცათ.

ფოტო: CENN

წალკის მუნიციპალიტეტი ბუნებრივი თუ არქიტექტურული ღირსშესანიშნაობების კუთხით ქართველი თუ უცხოელი ტურისტის ყურადღებას მუდმივად იქცევს. უნდა ითქვას, რომ სვეტლანას პურსაცხობი ქალაქის ცენტრში მდებარეობს, რაც ზრდის სერვისის მომხმარებელთა რაოდენობას. პურსაცხობში ნაწარმოები პროდუქტის პირდაპირი ბენეფიციარები ადგილობრივი მოსახლეობა და მარკეტებია, თუმცა გარდა ამისა მცირე ბიზნესის მომხმარებლებად ფაქტობრივად შეგვიძლია ჩავთვალოთ ყველა ვიზიტორი, რომელიც სხვადასხვა მიზნით ეწვევა მუნიციპალიტეტს.

ფოტო: CENN

როგორც სვეტლანა და მისი მეუღლე ამბობს, ისინი ერთ-ერთ პირველ ოჯახს წარმოადგენენ, რომელმაც წალკაში ბიზნესი ამ სფეროში წამოიწყეს. მრავალწლიანმა გამოცდილებამ, ხელსაყრელმა ლოკაციამ და მუდმივად ხარისხზე ზრუნვამ მცირე ბიზნესს წლების მატებასთან ერთად ერთგული მომხმარებლებიც გაუზარდა. სწორედ ბაზარზე არსებული მოთხოვნის საპასუხოდ ჩაერთო ოჯახი პროექტში, რადგან ხელთ არსებული რესურსებით მათ არ შეეძლოთ პურსაცხობის განახლება და საჭირო ტექნიკით აღჭურვა. სვეტლანა ოპტიმისტურადაა განწყობილი და სჯერა, რომ მომხმარებლები პოზიტიურად შეხვდებიან სიახლეს. თავად კი მეუღლესთან ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ გააგრძელებს წალკაში არსებული მცირე ბიზნესის განვითარებას.

ფოტო: CENN

"ევროკავშირის დახმარებით შევძელით ჩვენი საოჯახო ბიზნესი უფრო მეტად თანამედროვე სტანდარტებზე, ადგილობრივ მოთხოვნასა და საჭიროებებზე მორგებული გაგვეხადა. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ახლა, როცა უკეთესი და უფრო თანამედროვე გარემო შევქმენით ჩვენს საცხობში უფრო მოტივირებულები ვართ და გვინდა მოლოდინები გავუმართლოთ ჩვენს მომხმარებლებს და სამომავლოდ ვიფიქროთ წარმოების გაზრდაზე", — ამბობს ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის ეს წალკაა ბენეფიციარი, სვეტლანა ერგიშევა.