როცა ადამიანები ახლო ურთიერთობაში არიან, ისინი ხშირად ამბობენ რაღაცებს დაუფიქრებლად. ერთი შეხედვით, ამაში ცუდი არაფერია — ეს ნიშნავს, რომ საყვარელ ადამიანთან იმდენად "შინაურულად" ვგრძნობთ თავს, თავში მოსული ნებისმიერი აზრის გაზიარება დაუფიქრებლად შეგვიძლია. თუმცა, ალბათ ისიც ბევჯერ გაგვიგონია, რომ სიტყვა სამართებელზე უფრო ბასრია — ენით დაკოდილი კი ცულით დაკოდილზე უფრო გვიან მთელდება. დაუფიქრებელი შენიშვნები, სასხვათაშორისო ნათქვამები, ან თუნდაც "ცხელ გულზე" წამოსროლილი ფრაზები, შესაძლოა, იმდენად ტოქსიკური იყოს, რომ ამან ურთიერთობაზე და პარტნიორების მენტალურ ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.

ტოქსიკური ფრაზების ავტორები იშვიათად თუ აცნობიერებენ, რა და რატომ თქვეს. "ისინი ფიქრობენ, რომ თავად X თქვეს, თავიანთმა პარტნიორებმა კი Y გაიგეს", — აღნიშნავს ქორწინებისა და ოჯახის ამერიკელი ფსიქოთერაპევტი, ბეკი უეთსტოუნი.

ამ სტატიაში სწორედ უეთსტოუნისა და სხვა ფსიქოთერაპევტების მიერ დასახელებული ის ტოქსიკური ფრაზებია თავმოყრილი, რომლებსაც წყვილები ყველაზე ხშირად იყენებენ ერთმანეთთან კომუნიკაციისას და რომლებიც არცთუ იშვიათად ურთიერთობაში ბზარს აჩენს. თითოეულ მათგანს თავისუფლად შეიძლება მოეძებნოს უფრო რბილი ალტერნატივა.

1. "დიდი არაფერია" ან "შეეჩვევი"

ერთი შეხედვით, ეს სიტყვები კარგი განზრახვის მატარებელია — პარტნიორს ანუგეშებთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში თავის მდგომარეობას უკეთესად დაინახავს. თუმცა, მაიამელი ფსიქოთერაპევტის, ამანდა ბაკეროს აზრით, მათთვის, ვინც ემოციურად რთულ სიტუაციასთან გამკლავებას ცდილობს, ეს ნათქვამი, შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს. იმის თქმა, რომ "შეეჩვევა", მათ თავს სულელად აგრძნობინებს, საკითხისთვის პირველადი მნიშვნელობის მინიჭების გამო.

"თუკი რთულ ვითარებაში პარტნიორისადმი მხარდაჭერის გამოხატვა გსურთ, უთხარით, დაახლოებით, ასეთი რამ: 'მესმის, ძნელია. ვხედავ, თავს ასე რატომაც გრძნობ. ამ ყველაფრის გადალახვას ერთად შევძლებთ'", — დასძენს ბაკერო.

2. "მამაშენს/დედაშენს გავხარ"

ფოტო: Bahareh Okhravi / Dribbble

ან დას, ან ძმას, ან სხვა ვინმეს... შესაძლოა, თქვენი პარტნიორი ნამდვილად მოიქცა ხსენებული პიროვნებასავით, თუმცა, მსგავსი კომენტარი ჩხუბის დროსაც კი ყურს ხვდება და ხშირ შემთხვევაში, უარყოფითი შედეგის მომტანია.

"უპასუხისმგებლო საქციელია, როცა კამათისას თქვენს პარტნიორს თავის ოჯახთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს ახსენებთ, რომლებიც მან გაგანდოთ, ან რომლებიც თავად გამოიტანეთ დასკვნების სახით", — ამბობს ლოსანჯელესელი ფსიქოთერაპევტი, აბიგეილ მეიკპისი, — "ამასთან, მსგავსი კომენტარები ძალიან პრობლემური შეიძლება იყოს, რადგან თქვენმა პარტნიორმა ალბათ უკვე იცის იმ თვისების შესახებ, რომელიც თავის მშობელში არ მოსწონს. ეს არაფერს ცვლის".

მეიკპისის აზრით, ასეთ ნათქვამსა და პარტნიორის ოჯახზე აუგის თქმას აჯობებს, თუკი, უბრალოდ, ეტყვით, რომ კონკრეტული საქციელი არ მოგეწონათ და ითხოვთ, აღარ გაიმეოროს.

3. "შენ ყოველთვის" ან "შენ არასდროს"

მსგავსი ტონი გაბრაზებისას ხშირია, თუმცა, იშვიათად თუ ასახავს პარტნიორის ქცევის სიხშირეს. ასეთი კრიტიკა, რომ იგი, ან აბსოლუტურად "ყოველთვის", ან აბსოლუტურად "არასდროს" მსგავსად იქცევა, მას თავდაცვით პოზიციაში აყენებს.

"მთელი იმ წლების განმავლობაში, როცა მე წყვილებისთვის თერაპიას ვატარებდი, არასდროს შემხვედრია პარტნიორი, რომელიც არ ზრუნავს, არ უსმენს, ან დამნაშავეა რაღაცის ყოველთვის ან არასდროს გაკეთებაში", — ამბობს ბეკი უეთსტოუნი, — "რადიკალიზება და პარტნიორის არასწორად წარმოჩენა მხოლოდ ერთ რამეს იწვევს: ისინი უგულბელყოფენ ყველაფერს, რასაც შემდეგ ამბობთ. უბრალოდ, მოსმენას წყვეტენ, როცა ბრალდება ასეთი აშკარა სიცრუეა".

თუკი თქვენი მიზანი საუბრის პროდუქტიულად წარმართვაა, სხვაგვარი მიდგომაა საჭირო. აქცენტი უნდა დაისვას იმაზე, რასაც თქვენი პარტნიორი მოცემულ მომენტში აკეთებს და ეს არ გსიამოვნებთ. ამდენად, ნაცვლად იმისა, რომ უთხრათ, სულ შენს ტელეფონში ხარ ჩამძვრალიო, შეგიძლიათ, თქვათ, თავს გარიყულად გრძნობთ, როცა ძილის წინ იგი ინსტაგრამს "სქროლავს".

"როცა სიტყვებს სწორად შეარჩევთ და ისეთ ფრაზას იტყვით, რომელიც თითის გაშვერა და დადანაშაულება არ არის, გონიერი ადამიანების უმეტესობა მოგისმენთ და შენიშვნის გათვალისწინებს შეეცდება", — ამატებს უეთსტოუნი.

4. "ცდები, რატომ არ მიჯერებ?"

ფოტო: Helen Lee / Dribbble

როცა პარტნიორი "ცდება", გაბრაზება ადვილია. თუმცა, "ცდება" ზოგჯერ, უბრალოდ, იმაზე მიუთითებს, რომ თქვენთვის მისაღებ გზას არ ირჩევს. ეს დავა შეიძლება ისეთ უმნიშვნელო საკითხს ეხებოდეს, როგორიც სამოგზაურო ჩანთის გამზადებაა, ან, თუნდაც, ისეთ სერიოზული თემას, როგორიც მშობლობაა.

"რჩევის ასე მიცემა თქვენს პარტნიორს აკნინებს და კვლავაც თავდაცვით პოზიციაში ჩადგომისკენ უბიძგებს", — აცხადებს ბაკერო, — "სანაცვლოდ, შეგიძლიათ, უთხრათ: 'მგონი, ამასთან გამკლავება გიჭირს. ერთი აზრი მაქვს და თუ გინდა, გეტყვი'.

"ასეთი მიდგომა პარტნიორებს აგრძნობინებს, რომ გამკლავება უწევთ ერთად პრობლემის წინააღმდეგ და არა — ერთმანეთის წინააღმდეგ".

5. "დავამთავრეთ"

ზოგჯერ ისეთ განცხადებებს, როგორიცაა "დავამთავრეთ" და "გშორდები" — ან თუნდაც "მეზიზღები" — მნიშვნელოვანი ზიანი მოჰყვება, ისეთი, რომელზეც შეიძლება არც გიფიქრიათ. უეთსტოუნის თქმით, ერთმანეთზე გაბრაზება უმეტესად ნორმალურია, თუმცა, "ცხელ გულზე" ასეთი ფრაზის თქმა არასწორია.

"ამ დროს პარტნიორი უკიდურესად ისტრესება და ეს ალბათ ყველაზე ცუდი დროა თქვენს გრძნობებზე სალაპარაკოდ", — ამატებს უეთსტოუნი, — "უმჯობესი იქნება, თუ დაწყნარების შემდეგ დაბრუნდებით და წყნარად დაილაპარაკებთ, რა არ გამოდის".

ფსიქოთერაპევტი თავის პაციენტებს ეუბნება, რომ მწვავე სიტუაციაში რაღაცები გაზვიადებულად გვეჩვენება და ეს რეალობას აცდენილია. თუმცა, ამ დროს წარმოთქმული მწარე სიტყვები მაინც მკაფიოდ იბეჭდება მეხსიერებაში.

"სწორად რომ ლაპარაკობდნენ, ამ დროს იტყოდნენ: 'ახლა შენზე ისე ვარ გაბრაზებული, მგონია, დავამთავრეთ, მაგრამ ვიცი, რომ ასე არაა".

ეს, ცხადია, არ ეხება ტოქსიკურ ურთიერთობებს, რომლებიც ადამიანებს უმეტესად მხოლოდ უარყოფითად მუხტავს.

6. "ძალიან მგრძნობიარე ხარ"

ფოტო: Anna Magura / Dribbble

როცა თქვენი პარტნიორი განაწყენებულია და თქვენ მის დამშვიდებას იმის თქმით ცდილობთ, რომ "ძალიან მგრძნობიარე" და "ემოციურია", ასე მხოლოდ მის განცდებს ამცირებთ.

"არასწორია, ვინმეს გადავუწყვიტოთ, როგორ უნდა იგრძნოს თავი", — ამბობს მეიკპისი, — "ადამიანებისთვის იმის თქმა, რომ მათი რეაქცია 'ძალიან' რაღაცნაირია, თითქმის ყოველთვის უშედეგოა".

მაშინაც კი, თუ ბოლომდე არ გესმით ან არ ეთანხმებით მათ მოსაზრებას, შეეცადეთ, დასკვნების გამოტანისგან თავი შეიკავოთ. ამ დროს გულწრფელად ნათქვამი "მესმის, რაც გეწყინა" უფრო სასიკეთო შედეგის მომტანი იქნება ურთიერთობისთვის.

7. არაფერი

"ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების" — ხშირად სიჩუმე არასწორი რაღაცის თქმაზე უფრო დიდი შეცდომაა. ზოგი პარტნიორთან სერიოზულ საუბარს თავს არიდებს. ჩუმდებიან, ან გადიან ოთახიდან, რაც პრობლემას პრობლემად ტოვებს — ან მეტიც, ამწვავებს. დენვერელი ფსიქოთერაპევტის, ბრიტანი ბუფარდის აზრით, ამგვარი ქმედებით ზარალდება ისიც, ვისაც საუბარი უნდა — იგი მიტოვებულად და დაიგნორებულად გრძნობს თავს, როცა პარტნიორი ემოციურ კომუნიკაციაზე უარს ეუბნება.

"ლაპარაკზე უარის თქმა კონფლიქტის დროს ან შემდეგ ყუმბარას ჰგავს და პარტნიორებს ხშირად გაუგებრობის შეგრძნებით ტოვებს — რატომ მოხდა ეს, ან რა უნდა გააკეთონ ახლა".

ბუფარდის თქმით, ასე უმეტესად ისინი იქცევიან, ვინც თუნდაც ურთიერთობაში სიახლოვეს გაურბის. ამ დროს ცდილობენ, დისტანცირდნენ პარტნიორისა და პრობლემებისგან.

"პარტნიორისთვის იმის თქმა, რომ საფიქრალად დრო გჭირდებათ, ნორმალურია, თუმცა, მისი დაიგნორება და პრობლემაზე საუბრისგან გაქცევა — არასწორია".

საუბრის დროს კი შეგიძლიათ შესაბამისი პირობაც მოითხოვოთ — შეწყვეტინების გარეშე ლაპარაკი ან მხოლოდ იმის განხილვა, როგორ უნდა მოიქცეთ ახლა და სამომავლოდ.

Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლობიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლობიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.