ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვისას შვილზე, ედუარდ სააკაშვილზე ისაუბრა. ის შეეხო ბრალდების იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკუთარი შვილის განათლების მიღება დააფინანსა. სააკაშვილი ამბობს, რომ ამას კანონი არ კრძალავს.

"მე ძალიან ვამაყობ ჩემი შვილით, ედუარდით. ედუარდია ერთადერთი ქართველი ახალგაზრდა, რომელსაც აქვს, [რომელიც] გინესის რეკორდების წიგნში შევიდა კომპიუტერში ... კომპიუტერთან დაკავშირებულ რაღაც რეკორდით. მარტო ამისთვის ეკუთვნოდა მას სრული დაფინანსება და სრული პასუხისმგებლობაც ვაცხადებ, არცერთ კანონში არ წერია, რომ პრეზიდენტის ოჯახის შვილის [სწავლის] დაფინანსება არ უნდა მოხდეს, მაგრამ ეს არის განსაკუთრებით ნიჭიერი ადამიანი, რომელიც ხშირად არ მეთანხმება", — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილი ე.წ. პიჯაკების, ანუ ფულის გაფლანგვის საქმეს განიხილავს. ადვოკატებმა საქმის პროკურორის, გიორგი მუჯირის აცილება მოითხოვეს, რაც მან არ დააკმაყოფილა.

პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან ექსპრეზიდენტის მხარდამჭერების აქცია იმართება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

გაიგე მეტი: