თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სახელმწიფოს Inter RAO-სთან დავა არ წაუგია და ეს არის ნაწილობრივი დაკმაყოფილება.

„ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ზოგიერთი ტელევიზიიდან და ოპონენტებისგან მოვისმინეთ სრული აბსურდი, რაც არ მიკვირს. მათი პოლიტიკური მდგომარეობა, თუ როგორ გამოიყურებიან, ამ განცხადებებშიც ჩანს. მერე უკვირთ, რატომ არიან ასეთ მდგომარეობაში და რატომ არ აქვთ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა. ამ ადამიანების ყოველდღიურობა აგებულია სიცრუეზე და ხალხის შეცდომაში შეყვანაზე.

რაც შეეხება არსებულ დავას, თავის დროზე, როდესაც ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობა დავიწყეთ, მოთხოვნა იყო, კახა კალაძეს ხელი მოეწერა იმაზე, რომ ამ კომპანიისთვის 200 მილიონი დოლარი გადაგვეხადა. ამას, რა თქმა უნდა, არ დავთანხმდებოდი. ჩვენ ვიცავთ სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს. სახელმწიფოს დავა არ წაუგია. ეს არის ნაწილობრივ დაკმაყოფილება", — აცხადებს ის.

კახა კალაძე, ასევე, ამბობს, რომ აღნიშნული სარჩელი გასაჩივრდება.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოთხოვნა იყო 200 მილიონ დოლარზე. მე და ჩემმა თანამშრომლებმა ეს პასუხისმგებლობა არ ავიღეთ და ამას ხელი არ მოვაწერეთ. აღნიშნული სარჩელი, რა თქმა უნდა, გასაჩივრდება, რითაც უკვე დადასტურდა, რომ კომპანიას ეს 200 მილიონი დოლარი არ ეკუთვნოდა", — ამბობს კალაძე.

სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა საქართველოს Inter RAO-ს სასარგებლოდ 80,5 მილიონის გადახდა დააკისრა, რაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა. საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ 2014 წელს ტარიფები სწორად იქნა განსაზღვრული, ამიტომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება, როგორც დაუსაბუთებელი, გასაჩივრებულია სტოკჰოლმის სასამართლოში. საკითხზე სამართლებრივი დავა გრძელდება.