NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ საქართველოსა და უკრაინის გაძლიერებისათვის რეფორმები არის საკვანძო.

"ჩვენ, ასევე, ვისაუბრეთ რეფორმების კუთხით წინსვლის აუცილებლობაზე, რათა გავაძლიეროთ კანონის უზენაესობა და დემოკრატია, კორუფციასთან ბრძოლა და ამ სახელმწიფოებმა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის ტრანსფორმაცია მოახდინონ. ეს რეფორმები არის საკვანძო, რათა საქართველო და უკრაინა გახდნენ უფრო ძლიერი და მედეგი სახელმწიფოები", — განაცხადა სტოლტენბერგმა [რუსთავი 2-ის თარგმანი].

მისივე თქმით, საქართველო და უკრაინა ალიანსის დიდი ხნის ახლო პარტნიორები არიან და დიდი წვლილი შეაქვთ მისიებში.

"საქართველოსთან და უკრაინასთან განვიხილეთ რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა, რუსეთის განგრძობადი აგრესია და დესტაბილიზაცია მისი მეზობლების წინააღმდეგ, მისი სამხედრო დანაყოფების განლაგება უკრაინასთან. ჩვენ გვჭირდება ვიყოთ ფხიზლები, რომ მოვახდინოთ ესკალაციის პრევენცია. მინისტრებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ სამომავლოდ ნებისმიერ აგრესიულ ქმედებაზე რუსეთს საფასურის გადახდა მოუწევს, დადგება სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები რუსეთისთვის.

საქართველო და უკრაინა არიან NATO-ს დიდი ხნის ახლო პარტნიორები, ისინი დიდ კონტრიბუციას ახდენენ ჩვენს მისიებში, ასევე, მიისწრაფვიან NATO-ში გაწევრიანებისაკენ. მინისტრებმა მკაფიოდ აღნიშნეს, რომ ისინი ერთგული რჩებიან თავიანთი გადაწყვეტილებების მიმართ. ჩვენი მხარდაჭერა ამ ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის რჩება ურყევი. ჩვენ ვრჩებით იმ იდეის ერთგული, რომ გავაგრძელოთ მხარდაჭერა ამ ქვეყნების მიმართ, ჩვენ უკვე ვაძლიერებთ მათ თავდაცვისუნარიანობას, ვატარებთ ერთობლივ წვრთნებს, მხარს ვუჭერთ მათ საზღვაო კომპონენტში, ვუზიარებთ ინფორმაციას", — აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.