საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) თავმჯდომარის, ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, ზაზა სარალიძის მიმართ გაკეთებული განცხადებები და მუქარა, რეალურად, პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მუქარა და შურისძიების ნაწილია.

"ეს განცხადებები და მუქარა ზაზა სარალიძის მიმართ წარმოადგენს მუქარას ღარიბაშვილის მხრიდან. შეიძლება, ღარიბაშვილი, ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს წარმომადგენელი იყოს და ის ამას პირდაპირ არ აკეთებდეს, იმიტომ, რომ შემდეგ სახელმწიფოს და სახელმწიფოს წარმომადგენლის პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგეს. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ რეალურად, ეს ყველაფერი, ეს განცხადებები არის მისი შურისძიების ნაწილი, უბრალოდ ამას აკეთებენ ის ადამიანები, ვისაც თითქოს სახელმწიფოსთან ფორმალური კავშირი არ აქვს", — აცხადებს ის TV პირველთან.

მარიკაშვილის თქმით, ხელისუფლებამ შურისძიებისთვის კონკრეტული ჯგუფების გამოყენების პრაქტიკა ჩამოაყალიბა.

"ამ შემთხვევასთან გვაქვს ზუსტად საქმე ზაზა სარალიძის შემთხვევაშიც, როდესაც მას ემუქრებიან, რეალურად, ღარიბაშვილის პირით, თუმცა ფორმალურად ამ ადამიანების დაკავშირება ხელისუფლებასთანა არის ძალიან რთული", — ამბობს ის.

გუშინ, 30 ნოემბერს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე კრიტიკული პოსტების დაწერის გამო ვიღაცები მიუგზავნეს და ემუქრებოდნენ. როგორც დღეს მის მიერ გავრცელებულ სქრინშოთებში ჩანს, მას ღარიბაშვილის ცოლის ძმა და ყოფილი დეპუტატი, ალექსანდრე თამაზაშვილი ემუქრება.

ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის თქმით, ზაზა სარალიძეს შეტყობინებები გაუგზავნეს: ალექსანდრე თამაზაშვილმა, დიმიტრი ხუმარაშვილმა და Facebook-ს კიდევ ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რომელსაც სახელი და გვარი გარკვევით არ ეწერა. მისივე თქმით, აღნიშნული მასალა მათ პროკურატურას უკვე გადასცეს.

დღეს თამაზაშვილმა დაადასტურა, რომ სარალიძეს აგინა. მან ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა ზაზა სარალიძის 30 აგვისტოს პოსტი, რომელშიც ის ირაკლი ღარიბაშვილს და მის ოჯახს აგინებს და დაწერა, რომ თუ სარალიძის ეს პოსტი ავთენტურია, მაშინ შეგვიძლია მისი გინებაც ავთენტურად ჩავთვალოთ.