თავის კონცერტზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევიდან სამი დღის შემდეგ, ამერიკელმა რეპერმა, ტრევის სკოტმა, განაცხადა, რომ დაღუპულების ოჯახებს დაკრძალვის ხარჯებს დაუფარავდა. თუმცა, როგორც გარდაცვლილების ახლობლების ნაწილი აცხადებს, ამ შეთავაზებაზე უარი თქვეს.

მათ შორისაა ასაკით ყველაზე უმცროსი მსხვერპლის, ცხრა წლის ეზრა ბლაუნტის, ოჯახი. მათ სკოტის მხარეს განუცხადეს, რომ ფულს არ მიიღებდნენ. მას შემდეგ კიდევ ოთხი მსხვერპლის ახლობლებმა განაცხადეს, რომ ფინანსური დახმარება არ სურდათ. ნაცვლად ამისა, ისინი ამჯობინებენ, სასამართლომ გადაწყვიტოს, რა შეიძლება მომხდარზე საპასუხოდ მოიმოქმედონ.

ნოემბერში, ჰიუსტონში გამართულ Astroworld-ის მუსიკალურ ღონისძიებაზე, ქაოსით გამოწვეულ ჭყლეტასა და პანიკას ათი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასობით დამსწრე კი დაშავდა. დაზარალებულების ნაწილმა ტრევის სკოტსა და დრეიკს მომხდარის გამო უჩივლა; 125-მა ადამიანმა სარჩელით $750 მილიონი მოითხოვა.

ფოტო: Getty Images

სამი დაღუპულის ოჯახების ადვოკატები აცხადებენ, რომ სკოტის შეთავაზების საფუძველი უფრო ხალხის დამოკიდებულების შერბილებაა, ვიდრე გულწრფელი სინანული.

"ეს ის შეთავაზება არ ყოფილა, რომელსაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ოჯახი სერიოზულად განიხილავდა", — აღნიშნავს 14 წლის ჯონ ჰილგერტის ახლობლების წარმომადგენელი, — "ამ საქმესთან დაკავშირებული საკითხებიდან ეს ყველაზე უმნიშვნელოა. ოჯახის მიზანი ახლა იმის უზრუნველყოფაა, რომ მსგავსი რამ კონცერტზე აღარასოდეს განმეორდეს. დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, ვფიქრობ, დამამცირებელი და, მომხდარი ტრაგედიის მასშტაბის გათვალისწინებით, შეუფერებელი საქციელია".

არაგულწრფელ სინანულში სკოტის დადანაშაულების საფუძველი კიდევ ერთი ადვოკატისთვის, ფილიპ კორბოისთვის, იურისტების საშუალებით ურთიერთობაა. სკოტმა საგანგებოდ დაიქირავა ამ საქმისთვის ადვოკატი და ოჯახებთან სწორედ მათი მეშვეობით ურთიერთობდა. გარდა ამისა, კორბოის თქმით, ოჯახებისა და სკოტის წარმომადგენლების შეხვედრისას აშკარა იყო, რომ "ერთადერთი, რაც მომღერალს სურდა, ხალხის აღშფოთების ჩაწყნარება იყო".

ამას ეთანხმება ერთ-ერთი ოჯახის ადვოკატი, ტონი ბაზბიც.

"თუ ამ ოჯახებზე ნამდვილად დარდობ, რა საჭირო იყო, საქვეყნოდ გამოგედო პრესრელიზი, რომ დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებას აპირებ", — აღნიშნავს ბაზბი.

იგი ასევე დასძენს, რომ სკოტს ოჯახებისთვის დანაკარგის გლოვის საშუალება უნდა მიეცა და დანაშაულის მხრებიდან მოხსნის ნაცვლად, მომხდარზე პასუხისმგებლობა უნდა აეღო.

"ამბობს, რომ წუხს მათ გამო, მაგრამ მალევე ამატებს, რომ მისი ბრალი არ ყოფილა. არაფრით განსხვავდება იმ ხალხისგან, რომელიც თავდასაცავად ყოველთვის სხვებისკენ იშვერს თითს. [ოჯახებს] არ სჭირდებათ დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება. რაც უნდა გვინდოდეს მისგან, ამას სასამართლოს გზით მოვიპოვებთ".