რუსულ ენერგოკომპანია Inter RAO-მ საქართველოს სტოკჰოლმის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში დავა მოუგო, რომელიც საქართველომ გაასაჩივრა. რუსული ჰოლდინგი ქვეყნისგან ლარის გაუფასურებით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას მოითხოვდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყანას რუსული მხარისთვის 80,5 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.

იუსტიციის სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ სტოკჰოლმის არბიტრაჟმა გადაწყვეტილება 2021 წლის 19 აპრილს მიიღო, რომლის მიხედვითაც Inter RAO-ს გარკვეული კომპენსაცია ეკუთვნოდა. სამინისტროს განცხადებით, კომპანია ითხოვდა კომპენსაციას 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რაც საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე არ დაკმაყოფილდა.

"2021 წლის 23 ნოემბერს კომპენსაციის ოდენობად 80,5 მილიონი აშშ დოლარი განისაზღვრა. სახელმწიფო ახლაც მიიჩნევს, რომ 2014 წელს ტარიფები სწორად იქნა განსაზღვრული და ამიტომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სტოკჰოლმის სასამართლოში, როგორც დაუსაბუთებელი. შესაბამისად საკითხზე სამართლებრივი დავა გრძელდება", — აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

მათივე თქმით, მიუხედავად დავის შედეგისა, ეს მოსახლეობის ტარიფებზე გავლენას არ მოახდენს.

რუსული სახელმწიფო არხის მტკიცებით, თუ საქართველო დაწესებულ თანხას არ გადაიხდის, შესაძლოა საზღვარგარეთ მის ანგარიშებს ან ქონებას ყადაღა დაედოს.