ქართული ოცნების დეპუტატი ლადო კახაძე ამბობს, რომ თამბაქოს მოწევისთვის სანქცია მოქალაქეებისთვის, "პატარა ეკონომიკური ალიყურია". ამის შესახებ მან ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე ისაუბრა.

"ერთმა ჩემმა უდიდესი გამოცდილების მქონე ადამიანმა, რომელიც ვერ გადავარწმუნე თავის დროზე ნიკოტინის გადაგდებაზე, თამბაქოს გადაგდებაზე მითხრა ასეთი რამე, 360 ლარს ვხარჯავ თვეში თამბაქოზეო. ახლა მე გავაკეთებ ერთ ანალიზს, ეს პენსიაზე მეტია. 360 ლარად ყიდულობთ რას? სიკვდილს. 360 ლარი რომ გადავანაწილოთ ხაჭოზე, C ვიტამინის შემცვლელ პროდუქტზე, ხილზე, ხორცზე. 360 ლარი ერთ ადამიანზე, ხომ წარმოგიდგენიათ, გონივრული გადაწყვეტილება, პრაქტიკული გადაწყვეტილება, როგორ წინ წავა, როგორ სწორად. გარდა ამისა, ის ფული გადავანაწილოთ დასვენებაზე და სპორტულ გაჯანსაღებაზე.

წარმოგიდგენიათ თქვენ, რამხელა რესურსი გვემატება? მაგრამ ბიზნესიდან ეს ფული არ მიდის, რატომ იცით? ამ ფულით ვყიდულობთ რაღაცას, სიკვდილის გარდა, კარგს. ფული იხარჯება, ის რეკლამაში ჩაიდება იგივე კარგი, საღი პროდუქტის, ცხოვრების ჯანსაღი წესის მოტივატორი გახდება, აუზის, სივრცის მოწყობის და ა.შ. ფული იქნება, ეკონომიკა დატვირთული, მაგრამ ღირსეული ფული. არა მოკვდინებისთვის გაღებული ფული, არა ტყუილი შეთავაზების ფული. მე მტერი ვარ თამბაქოსი, თქვენ იცით ჩემი ცხოვრების წესი, 70 წელს არაფერი არ მაკლია, მეც ვეწეოდი, თქვენ არავის არ მოგივათ აზრად, იმ რაოდენობით და ერთ დღეში გადავაგდე. როცა ექიმი ვიყავი, პაციენტები მეკითხებოდნენ, როგორ გადავაგდო, [გონებიდან] უნდა გადააგდო, მე დაგეხმარები. გეხმარები, ადრე როგორც ექიმი და ახლა, როგორც კანონმდებელი. კანონმდებლობაში დახმარებაში პატარა სანქცირებაცაა, რომელიც ცოტა მოგიყვანს ჭკუაზე. ეს არის ეკონომიკური პატარა ალიყური", — ამბობს კახაძე.

კომიტეტზე თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს. კანონპროექტის ინიციატორები პარლამენტის წევრები დიმიტრი ხუნდაძე და ლადო კახაძე არიან. ჯანდაცვის კომიტეტმა ამ კანონპროექტს მხარი დაუჭურა.