რე|ბანკი სასკოლო-სოციალური პროექტის "გავიღიმოთ" ფინანსური მხარდამჭერია. პროექტი ჩეხეთში არსებული გამოცდილების ანალოგია. მისი მიზანია სასკოლო განათლებაში ფსიქოლოგიური წიგნიერების დანერგვით მოსწავლეების სოციალურ-ემოციური უნარების განვითარება და მათი ფსიქიკური კეთილდღეობის ხელშეწყობა. საქართველოში პროექტი ხორციელდება ამერიკის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, ამავე პროგრამის დაფინანსებით.

27-28 ნოემბერს ჩეხი სპეციალისტების მიერ გადამზადდა სოციალურ-ემოციური სწავლების 4 აკრედიტირებული ქართველი სპეციალისტი. ტრენინგების სერია იანვარში გაგრძელდება, როდესაც აკრედიტირებული სპეციალისტები დამატებით 25 მასწავლებელს გაწვრთნიან. ისინი ახალი სასწავლო სემესტრიდან დაიწყებენ სკოლებში სასწავლო პროგრამის დანერგვას და ამგვარად მოსწავლეების ფსიქიკური კეთილდღეობის აქტიურ მხარდაჭერას.

ევროპის ქვეყნებში უკვე არსებობს სასკოლო პროგრამები, სადაც მოზარდებს ასწავლიან ემოციების მართვას და სოციალური ურთიერთობების საბაზისო ჩვევებს. მათგან განსხვავებით, საქართველოში არსებული სასწავლო პროგრამები ძირითადად აკადემიურ დისციპლინებს მოიცავს. პროექტი "გავიღიმოთ" ამ მიდგომის შეცვლას ისახავს მიზნად.

"რე|ბანკი შექმნილია და არსებობს ცვლილებებისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ მნიშვნელოვანი, პოზიტიური ცვლილებებისთვის საგანმანათლებლო აქტივობების წახალისება უმნიშვნელოვანესია", — ამბობს ანანო ქორქია, მარკეტინგის და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი.