ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე კრიტიკული პოსტების დაწერის გამო ვიღაცები მიუგზავნეს და ემუქრებოდნენ. მუქარაზე საუბრის დაწყებამდე ზაზა სარალიძემ რეაქციაში ღარიბაშვილი პანდემიის ცუდად მართვის გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, კორონავირუსის გამო ბევრი ნათესავი დაკარგა, რის გამოც ღარიბაშვილი მის შეურაცხყოფას ყოველთვის დაიმსახურებს.

"დღეს კიდევ ერთი ბიძა დავასაფლავე, რის გამოც დაიმსახურა ღარიბაშვილმა ჩემი შეურაცხყოფა და დაიმსახურებს ყოველთვის, რამდენი ადამიანიც გარდაიცვლება დღეში კოვიდით. ეს არის პირდაპირ ღარიბაშვილის პასუხისმგებლობა, რადგან ღარიბაშვილი არის ერთი დიდი ოჯახის ხელმძღვანელი. როცა ოჯახის ხელმძღვანელის დაუდევრობით ადამიანი კვდება, ვის კისერზეა? ეს არის, რა თქმა უნდა, ოჯახის უფროსის კისერზე.

ძალიან ბევრი ნათესავი დავკარგე, ამან გამოიწვია ჩემი გაღიზიანება ღარიბაშვილის მიმართ და ვიღაც მსტოვრები იმის მაგივრად, ჩემთვის ეკითხათ, რა მოხდა, ვიღაცები მომიგზავნეს და ცოლ-შვილის გაუპატიურებითა და რაღაცებით მემუქრებიან. ესენი არიან არანორმალურები სულ ყველა", — თქვა სარალიძემ.

ის არ გამორიცხავს, რომ მუქარები მის მიერ ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას მხარდამჭერი პოსტებით იყო განპირობებული.

ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ გადაცემაში სქრინები წარმოადგინა, რომელიც სარალიძეს პირად შეტყობინებებში მისდიოდა. ლონდარიძის თქმით, ზაზა სარალიძეს შეტყობინებები გაუგზავნეს: ალექსანდრე თამაზაშვილმა, დიმიტრი ხუმარაშვილმა და Facebook-ს კიდევ ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რომელსაც სახელი და გვარი გარკვევით არ ეწერა. ადვოკატის თქმით, აღნიშნული მასალა მათ პროკურატურას უკვე გადასცეს.

ზაზა სარალიძემ, ასევე, აღნიშნა, რომ დღეს მან გამოკითხვაზე გამომძიებლებისგან იგრძნო, რომ მათ არა მისი ოჯახის გულისტკივილი აინტერესებდათ, არამედ მის გახარიას წინააღმდეგ გამოყენებას ცდილობდნენ.

შვილმოკლულმა მამამ, აგრეთვე, განმარტა, მოულოდნელად რატომ გამოეთიშა საპროტესტო აქციებს. სარალიძის თქმით, შვილმა უთხრა, რომ მას მეორე შვილიც დარჩა, რის შემდეგაც ის აქციაზე აღარ გასულა. ზაზა სარალიძის თქმით, უსამართლობა და საწყენია, როცა გამყიდველs და მოღალატეს ეძახიან, როცა მას რეალურად მეორე შვილი ჰყავდა გადასარჩენი.