ქართული ოცნების დეპუტატს, ვიქტორ სანიკიძეს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა სურს. კალათბურთის ფედერაცის ინფორმაციით, ის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა.

"როგორც ცნობილია, მიმდინარე წელი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისთვის წარმოადგენს საარჩევნო წელს. საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ დღეს, 30 ნოემბერს, ორი სრულუფლებიანი ხმის უფლების მქონე წევრის — ს/კ რუსთავი — 1991-ისა და ს/კ ქუთაისი — 2010-ის წარდგინებით, მიიღო განცხადებები ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატის დარეგისტრირების შესახებ.

ზემოაღნიშნული ორივე კლუბის წარდგინებით, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ვიქტორ სანიკიძე", — ნათქვამია განცხადებაში.

არჩევნები 2021 წლის 11 დეკემბერს გაიმართება.

კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე 2020 წელს ქართული ოცნების პროპორციულ სიაშია მე-13 ნომრად დასახელდა. როგორც ირაკლი კობახიძე განმარტავდა, ამის მიზეზი ის იყო, რომ სანიკიძე ეროვნულ ნაკრებშიც ამ ნომრით თამაშობდა.