29 ნოემბრის აქციაზე პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტებას სახელმწიფო ინსპექტორი სამსახური გამოიძიებს. ამის შესახებ მათ განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო.

"სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები: დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია; მიმდინარეობს საქმესთან შემხებლობაში მყოფ პირთა, მათ შორის აქციის მონაწილეთა გამოკითხვა; სხვადასხვა საჯარო უწყებებიდან მოთხოვნილი იქნა გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაცია და დოკუმენტაცია; სასამართლოში წარდგენილი იქნა შუამდგომლობა ტელეკომპანიებიდან გამოძიების მიზნებისთვის მნიშვნელოვანი ვიდეოჩანაწერების გამოთხოვის თაობაზე", — აღნიშნულია განცხადებაში.

29 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობდა. სხდომის პარალელურად სასამართლოსთან ექსპრეზიდენტის მხარდასაჭერი აქციაც გაიმართა. აქციაზე იყო დაპირისპირება მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის, რა დროსაც რამდენიმე პირი შეუძლოდ გახდა, მათ შორის ოპერატორები. სასამართლოს ეზოში, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეიც გამოიყენეს. ჯამში, დაკავებულია 15 ადამიანი — მათ შორის, ბესიკ თამლიანი, რომელსაც ბრალად სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული ედება ბრალად.

ექსპრეზიდენტის სასამართლო პროცესს თავად სააკაშვილიც ესწრებოდა. ამ სხდომამდე სააკაშვილს სამჯერ უთხრეს უარი საკუთარ პროცესზე დასწრებაზე, მიზეზად იუსტიციის სამინისტრო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და უსაფრთხოებას ასახელებდა. საერთაშორისო პარტნიორები, უფლებადამცველები, ომბუდსმენი, ელჩები და არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს არ უნდა შეეზღუდოს საკუთარ სხდომაზე დასწრების უფლება.

გუშინდელ სხდომაზე ექსპრეზიდენტს სიტყვით გამოსვლის უფლება მისცეს — მან სხვადასხვა პოლიტიკურ თემაზე, მათ შორის, საქართველოში ჩამოსვლასა და შიმშილობაზე, გლდანის ციხეში იძულებით გადაყვანასა და მკურნალობაზე ისაუბრა. სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, სააკაშვილმა დარბაზი დატოვა და სხდომა მის გარეშე გაგრძელდა.

გაიგეთ რაზე ისაუბრა სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე: