ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ქართული ოცნების თავმჯდომარის კომენტარი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, კიდევ ერთი მცდელობაა, "თავზე გადაახიოს" შეთანხმება საზოგადოებას. მისი თქმით, არც ერთი პოლიტიური ჯგუფი, მას ამის უფლებას არ მისცემს.

"ადგილი აქვს მორიგ მცდელობას, გადაახიოს მთელ საზოგადოებას და პარლამენტს უკვე შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებები. [...] შარლ მიშელის დოკუმენტიდან გამოსვლის შემდეგ, კიდევ დამატებითი აღებული პირობა არის ქართული ოცნების მხრიდან და დამატებითი შეთანხმება ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან უკლებლივ, რომელიც იმყოფება დღეს პარლამენტში.

მცდელობა ქართული ოცნების მხრიან, რომ კიდევ ერთხელ გადახიოს თავისივე პირობა, რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგობა უნდა შეხვდეს, ყველა პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან", — ამბობს ჯაფარიძე.

დღეს, 30 ნოემბერს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 2%-იანი საარჩევნო ბარიერი მათ "კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული". ის ასევე აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების არავითარი აუცილებლობა არ არსებობს. ამასთან, კობახიძემ ისაუბრა, რმ უმჯობესია, სრულად პროპორციულიც და ბარიერის ცვლილებაც ამოქმედდეს 2024 წლიდან.

შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე შემუშავებული კანონპროექტი გულისხმობდა, საკონსტიტუციო ცვლილებებს საარჩევნო ბარიერზე, ფრაქციების შექმნასა და გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილებას. პროექტის მიხევდით, მომავალ ორ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი ბუნებრივსა და 2%-ს შორის უნდა ყოფილიყო, ხოლო ფრაქციის ჩამოსაყალიბებლად საკმარისი უნდა ყოფილიყო მინიმუმ 4 წევრი, მათ შორის, მაჟორიტარები.

ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. ირაკლი კობახიძემ პარტიის პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ კეთილსინდისიერად, რაც არასწორია. მათი აზრით, 100 დღეში თავი ამოწურა დოკუმენტმა, რომლის გამოც შარლ მიშელი და კრისტიან დანიელსონი საქართველოს არაერთხელ ეწვივნენ და რომლის მიღებაშიც არაერთი ქვეყნის ელჩი იყო ჩართული.

მიშელის დოკუმენტში ასევე გათვალისწინებული იყო, რომ თუ ქართული ოცნება არჩევნებზე 43%-იან ბარიერს ვერ გადალახავდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა დანიშნულიყო.