პროკურატურის ინფორმაციით, გამოავლინეს თაღლითური ჯგუფი, რომელმაც 2014-2018 წლებში მოტყუებით 12 730 434 ლარი მიითვისა. საუბარია ორ კომპანიაზე, შპს თბილისის ტრეიდერთა კლუბსა და შპს ფორექს ინვესტზე. უწყების ცნობით ისინი 2014 წელს დარეგისტრირდნენ და საქმიანობის სფეროდ საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ფინანსური აქტივებით ვაჭრობა განისაზღვრეს.

"ბრალდებულებმა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და მარნეულში გახსნეს კომპანიის ფილიალები, რომელთა წარმომადგენლებიც, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მითითებით, ხვდებოდნენ და არწმუნებდნენ მოქალაქეებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობით შეეძლოთ მოგების მიღება და ნებისმიერ დროს თავის ბალანსზე არსებული მოგებული თანხის განაღდება. ატყუებდნენ, რომ კომპანია წარმოადგენდა შუამავალ რგოლს და მათ წინაშე ანგარიშვალდებულნი იქნებოდნენ უცხოელი პარტნიორები — შვეიცარული ბანკი და ბრიტანული კომპანია", — განაცხადა პროკურორმა თამარ იაკობაშვილმა.

უწყების ცნობით, ბრალდებულები მოქალაქეებს ატყუებდნენ, რომ მათ მიერ კომპანიის საბანკო ანგარიშზე შეტანილი თანხები გადაირიცხებოდა ზემოაღნიშნული უცხოური კომპანიების ანგარიშებზე, თუმცა თანხმობის გარეშე მათზე წვდომა არავის ექნებოდა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ რეალურად ბრალდებულებს ხსენებულ საერთაშორისო კომპანიებთან კავშირი არ ჰქონდათ.

უწყების ცნობით 4 წლის განმავლობაში კომპანიის ანგარიშზე 3 000-მდე მოქალაქემ ჯამში 27 533 986 ლარი გადარიცხა, საიდანაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ 12 730 434 ლარს.

"ბრალდებულებმა, მიღებული უკანონო თანხებისთვის კანონიერი სახის მიცემის და მისი წარმოშობის დაფარვის მიზნით, ფულადი თანხა მათთან დაკავშირებულ სხვადასხვა კომპანიების ანგარიშებზე გადარიცხეს, საიდანაც დივიდენდის და ხელფასის სახით გაიტანეს", — განაცხადა თამარ იაკობაშვილმა.

პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალდება თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის წარედგინათ, რაც 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ. რაც შეეხება საქმეში ჩართულ სხვა პირებს, პროკურატურის ცნობით, მათ გამოსავლენად გამოძიება გრძელდება.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა მსგავსი ტიპის დანაშაულები. უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს მაქისმალური სიფრთხილე გამოიჩინონ და პირველივე შემთხვევისთანავე მიმართონ სამართალდამცავ სტრუქტურებს.