ბერნარდო ბერტოლუჩის 1972 წლის ფილმის Last Tango in Paris (უკანასკნელი ტანგო პარიზში) შექმნის შესახებ ახალ სერიალს გადაიღებენ.

გარდა იმისა, რომ ეს ეროტიკული დრამა ბერტოლუჩის შემოქმედებიდან ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ნამუშევარია, ის ასევე ცნობილია სექსის სცენის გადაღების რეალური ისტორიით: 2013 წელს რეჟისორმა ინტერვიუში აღიარა, რომ ფილმში გაუპატიურების სცენა მსახიობ მარია შნაიდერთან შეთანხმებული არ იყო.

ეს ინტერვიუ 2016 წელს გასაჯაროვდა, თუმცა იქამდე, 2007 წელს მარია შნაიდერმაც საჯაროდ ილაპარაკა ფილმში მონაწილეობის გამოცდილებაზე და თქვა, რომ მართალია, სექსის სცენა დადგმული იყო, მაგრამ მას წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ამ სცენის გადაღებას საერთოდ აპირებდნენ, რადგან ის სცენარში შეტანილი არ იყო.

"თავი დამცირებულად და გაუპატიურებულად ვიგრძენი", — აღნიშნა შნაიდერმა.

მარია შნაიდერი ფილმში უკანასკნელი ტანგო პარიზში მონაწილეობისას 19 წლის იყო, მასთან ერთად კი თამაშობდა მარლონ ბრანდო, რომელიც მაშინ 49 წლის იყო. აღნიშნულ სცენაში მარლონ ბრანდოს პერსონაჟი მარია შნაიდერის პერსონაჟს აუპატიურებს.

ბერტოლუჩი ინტერვიუში აღიარებს, რომ ეს სცენა შნაიდერთან შეუთანხმებლად მან და მარლონ ბრანდომ დაგეგმეს გადაღების პროცესში.

"მინდოდა დამენახა მისი, როგორც ქალის რეაქცია და არა როგორც მსახიობის", – ამბობს ბერტოლუჩი და იქვე აღიარებს, რომ მისი და მარლონ ბრანდოს ეს გადაწყვეტილება "საშინელი" იყო, თუმცა არ ნანობს.

სწორედ ამ ისტორიის ეკრანებზე გაცოცხლებას ეცდებიან ახალ სატელევიზიო შოუში, რომელიც მთლიანად ფილმის გადაღების პროცესს აღწერს. სერიალის რეჟისორები იქნებიან ლიზა ბრულმანი და ჟოზე პადილა, რომელთაც აქამდე ისეთი სერიალების შექმნაში მიუღიათ მონაწილეობა, როგორებიც Killing Eve და Narcos-ია.