მიმდინარე წლის ნოემბერში, მარნეულის ცენტრალურ ქუჩაზე კამპანიის "კაცები ზრუნავენ" ინიციატივით, ბანერები განთავსდა. აღნიშნული ინიციატივით "კაცები ზრუნავენ" ეხმიანება 16-დღიან გლობალურ კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე განთავსებულ ბანერებზე, მამები — ინჟინერი რუბენ საპონჯიანი და მასწავლებელი ქამრან აფანდიევი თავიანთ შვილებთან ერთად, წიგნის კითხვისა და სტადიონზე ფეხბურთის თამაშის დროს არიან ასახული.

ფოტო: კაცები ზრუნავენ

ბანერები ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კაცების, როგორც მზრუნველი მამების, მეუღლეებისა და პარტნიორების ჩართულობა შვილების აღზრდაში და საოჯახო საქმეებში, ქალთა, ბავშვთა, ოჯახების და ზოგადად, საზოგადოების და ქვეყნის კეთილდღეობისთვის და ნამდვილი გენდერული თანასწორობის მისაღწევად.

მონაცემები გენდერული ურთიერთობების შესახებ, გვიჩვენებს, რომ ტრადიციული გენდერული როლების ირგვლივ არსებული სტერეოტიპები და დამკვიდრებული კლიშეები ხელს უშლით კაცებს თანაბრად გაინაწილონ პასუხისმგებლობა და მზრუნველი მამები, მეუღლეები, პარტნიორები და ოჯახის წევრები იყვნენ.

ბანერები განთავსდა პროგრამის "ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში" ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.

კამპანია "კაცები ზრუნავენ" UNFPA-ს და არასამთავრობო ორგანიზაციის ვიზრუნოთ ერთად პარტნიორობით მიმდინარეობს. მისი მიზანია წაახალისოს კაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა კაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას, ამ გზით — ქალების სოციალურ და ეკონომიურ მონაწილეობას და საზოგადოების გაძლიერებას. კამპანიაში მონაწილეობა შეუძლია ყველა კაცს, რომელიც მის იდეას იზიარებს.