ხვალიდან, პირველი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტები ამოქმედდება, რომლის გარეშეც ბევრ დაწესებულებაში ვეღარ შეხვალთ. იმისთვის, რომ ხვალინდელ დღეს მზად შეხვდეთ, გთავაზობთ პასუხებს ხშირად დასმულ რამდენიმე კითხვაზე.

ვის ეკუთვნის მწვანე პასპორტი

მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ ყველა მოქალაქისა და ტურისტისთვის. მწვანე პასპორტს მიიღებთ:

  • თუ სრულად ხართ ვაქცინირებული;
  • თუ ჩატარებული გაქვთ 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ანუ კონკრეტულ დაწესებულებში მისვლამდე მაქსიმუმ 72 საათით ადრე გაქვთ გაკეთებული;
  • თუ ჩატარებული გაქვთ 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი, ანუ კონკრეტულ დაწესებულებში მისვლამდე მაქსიმუმ 24 საათით ადრე გაქვთ გაკეთებული;
  • თუ გადატანილი გაქვთ კორონავირუსი.

ეს უკანასკნელი დიდი მსჯელობისა და კრიტიკის საგანი გახდა, რადგან ჯანდაცვის მინისტრის მიაჩნია, რომ კოვიდგადატანილებისთვის "უვადო მწვანე სტატუსი" ცუდი იდეა არ არის. ამას არ ეთანხმება საკოორდინაციო საბჭოს წევრი და NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე, ასევე, სამედიცინო სფეროს სხვა წარმომაგენლები.

როგორ ავიღოთ მწვანე პასპორტი

მწვანე პასპორტის აღება შეგიძლიათ როგორც იუსტიციის სახლებში, ასევე ონლაინ. კერძოდ, Georgia E-Health-ის აპლიკაციით. აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია Apple App Store-ში აიფონის მომხმარებლებისთვის და Play Store-ში — ანდროიდის მომხმარებლებისთვის. თუ Play Store-ში წერს, რომ აპლიკაცია თქვენს ქვეყანაში ხელმისაწვდომი არაა, ანგარიშის პარამეტრებში დააკვირდით ქვეყანას და დააყენეთ ის საქართველოზე.

შემდეგ დაიწყეთ რეგისტრაცია — შეიყვანეთ თქვენი მონაცემები და მობილურის ნომრით გაიარეთ ვერიფიკაცია. თუ რეგისტრაციისას აპლიკაცია გაიჭედება და ვერ შეძლებთ გაგრძელებას, დაელოდეთ ცოტა ხნით და ისე განაგრძეთ მონაცემების შევსება ან ხელახლა სცადეთ. ხარვეზის ვერაღმოფხვრის შემთხვევაში, დაუკავშირდით ჯანდაცვის სამინისტროს — 15 05 ან NCDC-ის — 116 001.

ფოტო: კადრები აპლიკაციიდან

გარდა ამისა, მომხმარებელთა ნაწილი ამბობს, რომ რეგისტრაციის გავლის შემდეგ მწვანე სტატუსი არ უჩანს იმის მიუხედავად, რომ კოვიდი გადაიტანა ან აცრილია. ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელადაც ზემოთხსენებულ უწყებებს უნდა მიმართოთ.

რეგისტრაციის შემდეგ, მთავარ გვერდზე ამოგიგდებთ ვაქცინაციის ან ტესტის QR კოდს, ასევე, დაგიწერთ გაქვთ თუ არა გადატანილი კორონავირუსი და ბოლოს როდის გაიკეთეთ ტესტი.

თუ მწვანე სტატუსს ვაქცინაციის შედეგად მიიღებთ, შეგიძლიათ აიღოთ ის კოვიდპასპორტიც, რომელსაც ევროკავშირი აღიარებს. ამის შესახებ დეტალური ინსტრუქცია ნახეთ აქ.

დაწესებულებები, სადაც მწვანე პასპორტის გარეშე ვერ შეხვალთ

მწვანე პასპორტის იდეა სწორედ ის არის, რომ მის არმქონე პირებს შეზღუდვები დაუწესდეს და ვირუსის გავრცელების პრევენცია მოხდეს. კერძოდ, თუ მწვანე პასპორტი არ გექნებათ, მომხმარებლის სტატუსით ვეღარ შეხვალთ შემდეგ დაწესებულებებში:

  • კვების ობიექტები;
  • რესტორნები;
  • კაფეების და ბარების ღია და დახურული სივრცეები;
  • კინოთეატრები;
  • თეატრები;
  • ოპერა;
  • მუზეუმები;
  • საკონცერტო დარბაზები;
  • გასართობი ცენტრები;
  • სამორინეები და სათამაშო ბიზნესის ობიექტები;
  • სპა-ცენტრები;
  • ფიტნეს-დარბაზები;
  • სასტუმროები;
  • სამთო კურორტები — საბაგირო გზებზე.

მწვანე პასპირტის შეზღუდვა არ გავრცელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მაღაზიებზე, აფთიაქებსა და სხვა პირველადი საჭიროების დაწესებულებებზე. გარდა ამისა, მწვანე პასპორტი აუცილებელია დაწესებულების მომხმარებლისთვის და არა დასაქმებულისთვის.