16 დეკემბერს საქართველოში მარველის ახალი ფილმის Spider-Man: No Way Home-ის პრემიერა შედგება. ტომ ჰოლანდის ადამიან ობობას მულტისამყაროში ვიხილავთ, სადაც ის ძველ და კარგად ნაცნობ ბოროტმოქმედებს დაუპირისპირდება.

ფილმის პრემიერის შემდეგ ტომ ჰოლანდი თავს დიდი ხნით არ მოგვანატრებს. Sony-ის პროდიუსერმა ემი პასკალმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ კომპანია ტომ ჰოლანდის ადამიანი ობობას შესახებ მარველთან ერთად კიდევ ერთ ტრილოგიას გადაიღებს. შესაბამისად, პიტერ პარკერს, სულ მცირე, მარველის კიდევ სამ ფილმში ვიხილავთ.

"ეს ბოლო ფილმი არაა, რომელსაც მარველთან ერთად გადავიღებთ. ჩვენ მარველთან ერთად ტომ ჰოლანდის მონაწილეობით ადამიანი ობობას შესახებ შემდეგი ფილმის გადასაღებად ვემზადებით. სამი ფილმის გადაღებას ვფიქრობთ", — განაცხადა ემი პასკალმა.

ჯერჯერობით ახალი ფილმების გამოსვლის თარიღებთან და შინაარსთან დაკავშირებული დეტალები უცნობია.

Spider-Man: No Way Home ტომ ჰოლანდის მონაწილეობით უშუალოდ ადამიანი ობობას შესახებ გადაღებული ტრილოგიის დასკვნითი ნაწილია. ცოტა ხნის წინ გამოცემა GQ-სთან ინტერვიუში ტომ ჰოლანდმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 30 წლის შემდეგაც პიტერ პარკერის როლის შესრულება არ უნდოდა.

"იქნებ დროა, გზა გავაგრძელო. შესაძლოა, ადამიანი ობობასთვის საუკეთესო მაილს მორალესის შესახებ ფილმის გადაღება იყოს. მე პიტერ პარკერიც უნდა გავითვალისწინო, რადგან ის ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. თუ 30 წელს გადაცილებულიც ადამიან ობობას ვითამაშებ, რაღაც შემშლია ", — განაცხადა მსახიობმა.

მიუხედავად იმისა, რომ ტომ ჰოლანდი პიტერ პარკერის შემდეგ ცხოვრებაზე ალაპარაკდა, აშკარაა, რომ Sony და მარველი მას მარტივად ნამდვილად არ დათმობენ:

"მას კიდევ 100 ფილმის გადაღებაზე ველაპარაკე. მის გარეშე ადამიანი ობობას ფილმს არ გადავიღებ, მეხუმრებით?!", — განაცხადა ემი პასკალმა.

"მთელი დარჩენილი ცხოვრება მსახიობობა ნამდვილად არ მინდა. შეიძლება, დურგალი გავხდე. ძალიან ხელმარჯვე ვარ. თუ რაღაც გატეხილია, მის შეკეთებას ყოველთვის ვახერხებ", — განაცხადა ტომ ჰოლანდი.

როგორც ჩანს, ტომ ჰოლანდს დურგლობაზე ოცნება კიდევ დიდხანს მოუწევს, რადგან აშკარაა, რომ ადამიანი ობობა მარველის სამყაროს დატოვებას ჯერჯერობით არ აპირებს.

ამავე თემაზე: