ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ საქართველოში წლის ბოლოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა იქნება, რაც ქვეყანას ევროპული ლიდერების რანგში გადაიყვანს.

"ოქტომბერში ეკონომიკის ზრდა კვლავინდებურად მაღალია და 6,9%-ს შეადგენს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 10 თვის ეკონომიკური ზრდა კვლავინდებურად ორნიშნაა და 10,5%-ია. ჩვენ ველოდებით, რომ წლის ბოლოს ასევე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება, რაც საქართველოს ავტომატურად გაიყვანს ევროპული ლიდერების რანგში", — განაცხადა თურნავამ.

საქართველოს ეკონომიკა მართლაც აღდგენის რჟიმშია, თუმცა ზრდის მაჩვენებლების დადგენაში მნიშვნელოვან როლს ე.წ. საბაზისო ეფექტიც ასრულებს. იმის გამო, რომ 2020 წლის ოქტომბერში ეკონომიკის წლიური ვარდა 3,9% იყო, წელს 2019 წლის ოქტომბერთან შედარებით ეკონომიკა 2,7%-ით არის გაზრდილი.

ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა იმას, რომ ეკონომიკური ზრდა საქართველოს ეკონომიკის სექტორების უმრავლესობაში დაფიქსირდა. მისი თქმით, განსაკუთრებულად მაღალი ზრდის ტემპით ხასიათდება გადამამუშავებელი მრეწველობა, აგრეთვე ლოგისტიკა და სტუმართმასპინძლობის ინდუსტრია, რომლის აღდგენის ტემპიც საკმაოდ მაღალია. თურნავას განცხადებით, ეკონომიკურ ზრდაში ასევე ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულმა ექსპორტმა, რომელიც მოსალოდნელზე მაღალი ტემპით იზრდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკის შემცირება გასული წლის მარტიდან დაიწყო, რაც კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ფონზე მიღებულ შეზღუდვებს უკავშირდებოდა. ეკონომიკის ვარდნის ტენდენცია გაგრძელდა მომდევნო თვეებშიც. ბოლო გათვლების მიხედვით, 2020 წლის მეორე კვარტალში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 13,2%-ით, მესამე კვარტალში — 5,6%-ით, ხოლო მეოთხე კვარტალში 6,8%-ით შემცირდა. წლიურად, 2020-ში საქართველოს ეკონომიკამ 6,8%-ით იკლო.

რაც შეეხება მიმდინარე წლის სტატისტიკას, პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა 4,1%-ით შემცირდა, მერე კვარტალში 28,9%-ით გაიზარდა, ხოლო მესამე კვარტალში 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა. მთავრობა წელს ეკონომიკის 10%-ით გაზრდას ელოდება.