სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიები 30 ნოემბერს, 15:00 საათზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქციას გამართავენ. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართული ოცნება ძალაუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხარჯზე ინარჩუნებს. აქციის ორგანიზატორების თქმით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები არა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, არამედ სუს-მა ჩაატარა.

"ქართული ოცნება ძალაუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხარჯზე ინარჩუნებს. მმართველ პარტიასთან შეზრდილი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელსაც 6 წელიწადში 800 მილიონი გადავუხადეთ, ტოტალური მოსმენებითა და თვალთვალით აკონტროლებს ჩვენს თითოეულ ნაბიჯს. 2021 წლის არჩევნები არა ცესკო-მ, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა. ყველაფერი, რაც აქამდე საბჭოთა წარსულის განუყოფელი ნაწილი გვეგონა, ხელისუფლებამ რეალურ ცხოვრებაში გაგვიცოცხლა", — ნათქვამია განცხადებაში.

აქციის ორგანიზატორები არიან: სირცხვილია, დროა, გირჩი - მეტი თავისუფლება, ლელო საქართველოსთვის, მელიები, შეცვალე.