ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა და კონკრეტულად ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცდილობს "სასტიკ დანაშაულებს" შეცდომა დაარქვას. მდინარაძის თქმით, დამნაშავეები შესაბამისი მტკიცებულებითი სტანდარტით უნდა დაისაჯონ.

"ცდილობენ თავისი ძალიან — რბილად ვიტყვი — ცუდი ქმედებების, ანუ სასტიკი დანაშაულების გადაფარვას. მას არქმევენ, უბრლაოდ, ესეც პიარული ხრიკია, შეცდომებს. შეცდომა ვერ დაერქმევა ვერასდროს იმ ხალხის წამებას, იმ ხალხის ღირსების საერთოდ გაუქმებას ამ ქვეყანაში, რომელიც ხალხიც ამ ქვეყნის მოსახლეობის, სამწუხაროდ, ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა; ბიზნესების წართმევას და უცებ გახსენებას, თითქოს ღამის სამ საათზე მოუნდა ვიღაცას, რომ სახელმწიფოს ბიზნესი აჩუქოს. ამას ვერ დაერქმევა შეცდომები.

ეს არის უდიდესი და ძალიან ცუდი ქმედებები და დანაშაულებები. ამ დანაშაულებებისათვის ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვის მიმართაც შესაბამისი მტკიცებულების სტანდარტით იქნება შეგროვებული მასალები, რომ ამ ადამიანმა კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა", — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღეს, 29 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა. მოსამართლეთა კოლეგიამ 7 ნოემბრის საქმე განიხილა. ექსპრეზიდენტი საკუთარ სასამართლო სხდომას პირველად დაესწრო და მას სიტყვით გამოსვლის უფლებაც მისცეს. სააკაშვილმა სხვადასხვა პოლიტიკურ თემაზე, მათ შორის, საქართველოში ჩამოსვლასა და შიმშილობაზე, გლდანის ციხეში იძულებით გადაყვანასა და მკურნალობაზე ისაუბრა. ასევე, მიმოიხილა მის მიმართ წაყენებული ბრალდებები. გარდა ამისა, სააკაშვილმა ისაუბრა იმ შეცდომებზეც, რომლებიც, მისი აზრით 9-წლიანი მმართველობის პერიოდში დაუშვა. ამ კუთხით მან ყურადღება გაამახვილა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და განაცხადა, რომ ეს შეცდომა შეეხო ბევრ ადამიანს და ახლა უკვე, პირადად მასაც. სააკაშვილმა ამ "შეცდომების" გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა, თუმცა აღნიშნა, რომ ერთია შეცდომა არ არის დანაშაული.

"ბოდიშს გიხდით კიდევ ერთხელ, მაგრამ შეცდომები და გადაცდომები ერთია და დანაშაული მეორე. მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი", — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მან დარბაზი დატოვა, სხდომა კი მის გარეშე გაგრძელდა.

პროცესის მეორე ნაწილში მხარეებმა უკვე კონკრეტულ მტკიცებულებებზე იმსჯელეს. დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა ექსპრეზიდენტისთვის სატელეფონო საუბრების უფლების აღდგენის შესახებ, თუმცა სასამართლომ შუამდგომლობა საერთოდ არ განიხილა. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შეფასებით, ეს გადაწყვეტილება სასამართლოს მხრიდან მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმაა.

შემდეგი სხდომა 23 დეკემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.