სახელმწიფო შესყიდვების საიტზე განთავსებული დოკუმენტის მიხედვით, თბილისის მერიასა და კომპანია PwC-ს შორის 2016 წლის 6 ივნისს ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ღირებულებაც 207 680 აშშ დოლარია. დოკუმენტი თბილისის ზღვის შემოგარენის განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ითვალისწინებს. ხელშეკრულების თანხა მერიამ იმ დღეს ეროვნული ბანკის არსებული კურსით გადაიხადა, რამაც ნახევარ მილიონ ლარამდე მიაღწია.

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ფეისბუკზე ფოტოს აქვეყნებს, რომელიც, მისი თქმით, თბილისის მერიის მიერ შეკვეთილი, თბილისის ზღვის კონცეპტუალური განვითარების გეგმის ერთ-ერთი ილუსტრაციაა.

ელისაშვილის მტკიცებით, ამ გეგმაში თბილისის მერიამ კომპანია PricewaterhouseCoopers-ს (PwC) თითქმის ნახევარი მილიონი ლარი გადაუხადა.

როგორც ელისაშვილმა On.ge-ს განუცხადა, აღნიშნული დოკუმენტები მან თბილისის მერიისგან გამოითხოვა:

"ეს გეგმა შემუშავდა 2016 წელს და ამაში მერიამ PwC-ს 476 ათასი ლარი გადაუხადა. ერთი გაუგებრობა ისაა, რატომ უკვეთავს თბილისის ზღვის განვითარების გეგმას მერია, მაშინ, როდესაც, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დასრულების სტადიაშია. ასევე ილუსტრაციების ნაწილში ფალოსის ფორმის ნახევარკუნძულის მშენებლობა ასევე გაუგებარია, რომელსაც ეკოლოგიური დასვენება აწერია ზედ, ძალიან საეჭვოა, რატომ დაიწყო მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პარალელურად თბილისის ზღვის კონცეპტუალური განვითარებაზე ზრუნვა მერიამ".

ელისაშვილი აცხადებს, რომ თბილისის მერია და არქიტექტურის სამსახური "მათთვის სარფიანი პროექტების მოსწრებაზე არიან".