პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი სიტყვები "დრომოჭმული იმპერატორის" განცხადებებს ჰგავდა. მისი თქმით, ყველა კარგად უნდა დაფიქრდეს, საით მიდიოდა სახელმწიფო, რომ არა ბიძინა ივანიშვილი და 2012 წლის ცვლილება.

"მე არა მგონია, რომ მხოლოდ ეს განცხადებები იყო რაიმე ახალი აღმოჩენა, პირიქით, რაღაც დრომოჭმული იმპერატორის განცხადებებს ჰგავდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ილაპარაკა დემოკრატიაზე. მაგრამ ამის უკან დევს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი თემა, რომელსაც მე ვფიქრობ, რომ უფრო კარგად უნდა დავუფიქრდეთ, თუ საით მიდიოდა სახელმწიფო, რომ არა ცვლილება, რომელიც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მოხერხდა", — თქვა იმედის ეთერში გია ვოლსკიმ.

დღეს, 29 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლეთა კოლეგიამ 7 ნოემბრის საქმე განიხილა. ექსპრეზიდენტი საკუთარ სასამართლო სხდომას პირველად დაესწრო და მას სიტყვით გამოსვლის უფლებაც მისცეს. სააკაშვილმა სხვადასხვა პოლიტიკურ თემაზე, მათ შორის, საქართველოში ჩამოსვლასა და შიმშილობაზე, გლდანის ციხეში იძულებით გადაყვანასა და მკურნალობაზე ისაუბრა. ასევე, მიმოიხილა მის მიმართ წაყენებული ბრალდებები. სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, სააკაშვილმა დარბაზი დატოვა და სხდომა მის გარეშე გაგრძელდა.

პროცესის მეორე ნაწილში მხარეებმა უკვე კონკრეტულ მტკიცებულებებზე იმსჯელეს. დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა ექსპრეზიდენტისთვის სატელეფონო საუბრების უფლების აღდგენის შესახებ, თუმცა სასამართომ შუამდგომლობა საერთოდ არ განიხილა. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შეფასებით, ეს გადაწყვეტილება სასამართლოს მხრიდან მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმაა.

შემდეგი სხდომა 23 დეკემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

რაზე ისაუბრა სააკაშვილმა სხდომაზე: