ცოტა ხნის წინ მსახიობმა, ქველმოქმედმა და სასახელო კანადელმა რაიან რეინოლდსმა კანადის გენერალ-გუბერნატორისგან ხელოვნების დარგში პრესტიჟული ჯილდო მიიღო. მაგრამ, ალბათ, ყველაზე დიდი და გულისამაჩუყებელი საჩუქარი სპეციალურად რაიანისთვის დაწერილი სიმღერა აღმოჩნდა, რომელშიც მუსიკოსი სტივენ პეიჯი მსახიობს არწმუნებს, რომ რაიანის კანადისადმი გრძნობები ცალმხრივი არაა.

ფოტო: Getty Images

"სადაც არ უნდა წახვიდე, გვინდა, იცოდე, რაიან, რომ კანადასაც უყვარხარ" — მთელი ქვეყნის სახელით ეუბნება მომღერალი რაიან რეინოლდსს, რომელიც მუსიკალური კლიპის ყურებისას ცრემლებს ვერ იკავებს. სიმღერით სტივენ პეიჯი მსახიობს იმასაც ეუბნება, რომ ყველა კანადელ რაიანს შორის, რაიან რეინოლდსი მათ ფავორიტ სამეულშია.

მოგვიანებით რაიანმა ვიდეო ტვიტერზე გააზიარა:

"მიხარია, რომ ასეთი გამოცდილების მისაღებად გარდაცვლილი არ უნდა ვიყო. გული წარმოუდგენლად მაქვს აჩუყებული. გირჩევთ, შეადგინოთ იმ ადამიანების სია, რომელთაც აფასებთ და მაშინვე უთხრათ ამის შესახებ", — დაწერა მსახიობმა ტვიტერზე.

მსახიობმა გულშემატკივრები იმაშიც დაარწმუნა, რომ სიმღერის მოსმენისას კი არ იტირა, თვალებიდან კანადის ერთ-ერთი სიმბოლო — ნეკერჩხლის სიროფი მოსდიოდა.

რაიანი არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის, არამედ ჰოლივუდისა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მსახიობიცაა, ამიტომ ნამდვილად არ გვიკვირს, რომ მშობლიურ კანადას მისთვის სიმღერის მიძღვნა მოუნდა.