მარკ ტვენი შესანიშნავი მწერალი, მაგრამ, ამავდროულად, გასაოცრად არაკომპეტენტური ბიზნესმენი იყო.

მან ისეთ გამოგონებათა დაფინანსების გამო იზარალა, როგორებიცაა გრავიურის ხელსაწყო, მაგნიტური ტელეგრაფი და ორთქლზე მომუშავე ჭოჭონაქი. მწერალმა ასევე არასარფიანად დააბანდა ფული საათების დამამზადებელ Fredonia Watch Company-ში და რკინიგზის აქციებში. ერთხელ კი ტვენმა უარი თქვა წარმატებული სატელეფონო კომპანიის, Bell Telephone-ის აქციების შესყიდვაზე, მიუხედავად იმისა, რომ ის აშშ-ში ერთ-ერთი პირველი ადამიანი იყო, ვინც სახლის ტელეფონს ფლობდა. მან საბოლოოდ იმდენი ფული დაკარგა, რომ 1891 წელს საკუთარი ოჯახის ჰარტფორდის სახლიდან გადასახლება მოუწია. ტვენმა სახლი მისი შეძენიდან ოცი წლის თავზე თავდაპირველ ღირებულებაზე ექვსჯერ იაფად გაყიდა.

მარკ ტვენი ოჯახთან ერთად.

ფოტო: Fotosearch / Getty Images

1890-იანი წლებისთვის მარკ ტვენი ფულს იმაზე სწრაფად კარგავდა, ვიდრე გამოიმუშავებდა, რასაც თავისებური ნიჭი და მოხერხება სჭირდებოდა. ტვენი — დაბადებით სამუელ კლემენსი — მეცხრამეტე საუკუნის ამერიკაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ავტორების სიაში მოხვდა ისეთი წიგნების წყალობით, როგორებიცაა სადებიუტო ბესტსელერი, უდანაშაულოები საზღვარგარეთ და მისი შედევრი, ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი. მოოქრული ხანის სასცენო ადაპტაცია კი წლების განმავლობაში იდგმებოდა თეატრებში. მარკ ტვენმა ასევე გამოიგონა და დააპატენტა ერთობ პოპულარული ამონაჭრების ჩასაწებებელი ალბომი. ამასთანავე, ტვენი დაქორწინებული იყო ქვანახშირის ბიზნესის მდიდარ მემკვიდრეზე, ოლივია ლენგდონზე, რომლის მამამ მათ ქორწილის დღეს მსახურებით სავსე სახლი და ეტლი აჩუქა.

თუმცა, ეს ყველაფერი ტვენისთვის საკმარისი არ იყო. "კაცი ბევრ რამეს გააკეთებს იმისათვის, რომ ის უყვარდეთ", — წერდა ის, — "და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მისი შურდეთ". მას მიღწეულზე გაჩერება არ შეეძლო. წარმატების საზომი მოოქრულ ხანაში სიმდიდრე იყო და ტვენიც მისკენ მიისწრაფოდა. ბედის ირონიით, მწერალს ძვირიანი გემოვნება არ ჰქონია — ის მუდამ რამდენიმეცენტიან სიგარას ეწეოდა. პოკერის მოყვარულმა ტვენმა აღიარა, რომ რისკის გაწევაზე იყო დამოკიდებული. "მე მჭირდება ბირჟაზე თამაში", — გაანდო მან თავის რედაქტორს, — "ასეთია ჩემი ბუნება". ათი წლის შემდეგ მან — ბევრად უფრო დაბრძენებულმა და გაღარიბებულმა — შექმნა მაქსიმა: "ადამიანის ცხოვრებაში არის ორი მომენტი, როდესაც ის ბირჟაზე არ უნდა თამაშობდეს: როდესაც მას ამის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს და როდესაც აქვს".

ტვენი მუდმივად თავის სისუსტეებს ებრძოდა. როგორც ინვესტორს, მას ორი დამღუპველი თვისება ჰქონდა: ამოუწურავი ამბიცია და დეტალებისადმი მოთმინების არქონა. ერთხელ მან ბუღალტერს სთხოვა, რომ მისთვის მოგება-ზარალის ისეთი ანგარიში გაეგზავნა, რომლის გაგება თავისი შვილისთვისაც კი არ იქნებოდა რთული (ჯინი იმ დროს 2 წლის იყო).

ფოტო: Culture Club / Getty Images

მისი ცხოვრების ყველაზე დიდი ფინანსური ზარალი ორმა დაბანდებამ მოიტანა: ერთი ახალ გამოგონებაში იყო, მეორე კი — სტარტაპში.

ათწლეულზე დიდი ხნის განმავლობაში ტვენი მხარს უჭერდა Paige Typesetter-ს — მოწყობილობას, რომელიც თითქმის ოთხ ტონას იწონიდა და გაზეთების, წიგნებისა და ჟურნალების ბეჭდვის ნელი და ქაოსური პროცესის გამარტივების პოტენციალი ჰქონდა. როდესაც მანქანა მუშაობდა, ის ბევრად უფრო სწრაფად ასრულებდა სამუშაოს, ვიდრე მისი ალტერნატივა. თუმცა აქ საკვანძო ფრაზაა — "როცა მანქანა მუშაობდა". ტვენის უიღბლობა იმით დაიწყო, რომ 1889 წლის 5 იანვარს ხელსაწყოს წარმატებულად გამოცდის მომსწრე გახდა და შედეგად თავისი თანხა მის მწარმოებელ კომპანიაში დააბანდა. თავდაპირველად ტვენმა პეიჯს "მექანიკური გამოგონების შექსპირი" უწოდა. საბოლოოდ კი იმაზე დაიწყო ოცნება, როგორ მოაქცევდა ხელსაწყოს ფოლადის ხაფანგში და მისი ნელ-ნელა განადგურების ყურებით გულს მოიოხებდა.

რაც შეეხება სტარტაპის ფიასკოს, ეს ამბავი ტვენის მიერ 1884 წელს დაარსებულ საგამომცემლო კომპანიას უკავშირდება. მან ის 33 წლის ძმისშვილ, ჩარლზ უებსტერს მიანდო და სახელიც მისი უწოდა.

ტვენს ამ ბიზნესის შექმნისას პირადი ინტერესები ამოძრავებდა: ის დარწმუნებული იყო, რომ გამომცემლები წლების განმავლობაში ატყუებდნენ. ჯერ კიდევ 1860-იან წლებში American Publishing-ის ხელმძღვანელმა, ელაიშა ბლისმა ახალგაზრდა ტვენს მწირი 5%-იანი ჰონორარი გადასცა წიგნისთვის, უდანაშაულოები საზღვარგარეთ და დაჰპირდა, რომ მომდევნო ნაწარმოებებში მოგების ზუსტ ნახევარს გადაუხდიდა. თუმცა, მას ეს არასოდეს გაუკეთებია. ტვენი ჯოჯოხეთის ქარ-ცეცხლში ატარებდა ყოფილ ბიზნესპარტნიორებს. მოგვიანებით მწერალმა ბლისი აღწერა როგორც "მაღალი, გამხდარი, გალეული, ყვითელი, უკბილო მელოტი, ვირთხისთვალება პროფესიონალი მატყუარა და ნაძირალა... ჩემი ღრმა რწმენით, ბლისს ცხოვრებაში ერთხელაც არ გაუკეთებია კეთილსინდისიერი რამ მაშინ, როცა უპატიოსნოდ მოქცევის შანსი ეძლეოდა".

საგამომცემლო კომპანიის, Charles L. Webster & Co., დებიუტი შედგა ორი წიგნით: ულის გრანტის მემუარები და ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი. ერთმა მცირე წარმატება, მეორემ კი საყოველთაო აღიარება მოიპოვა. გრანტის მემუარების გაყიდვებმა ფენომენალურ მასშტაბებს მიაღწია, რადგან ომის ვეტერანების არმია მას კარდაკარ ავრცელებდა. შედეგად, ტვენმა მემუარების ავტორის ქვრივს, ჯულია დენტ გრანტს ამერიკის გამომცემლობების ისტორიაში ყველაზე დიდი ჰონორარის ჩეკი გამოუწერა.

ფოტო: Bettmann / Getty Images

თუმცა, ამის შემდეგ დაღმასვლა დაიწყო. კომპანიამ გამოსცა არაერთი წარუმატებელი ნაწარმოები — მათ შორის, პაპ ლეო XIII-ის წიგნი და ესკიზის ხელოვნება. ტვენმა კომპანიას "გახანგრძლივებული თვითმკვლელობა" უწოდა.

თავისი მეგობრის, კომპანია Standard Oil-ის აღმასრულებელი დირექტორის, ბარონ ჰენრი როჯერსის რჩევით, ტვენმა მთელი ქონება გაკოტრებამდე ერთი თვით ადრე, 1894 წლის მარტში ცოლს გადაუფორმა. მას მწერლების, წიგნის ამკინძავებისა და ბანკის ვალი ჰქონდა 80 000 დოლარის (დღევანდელი 2.4 მილიონი დოლარი) ოდენობით. გაზეთების სათაურები იუწყებოდნენ: "მარკ ტვენი განადგურებულია", "მარკ ტვენის მარცხი"... ერთ-ერთმა ადვოკატმა კი მასზე ასეთი იერიში მიიტანა: "ის ბიზნესში, უბრალოდ, ზრდასრული ბავშვია". ამასთან, ზოგიერთი მწერლის მიერ აქტივების ცოლისთვის დროულ გადაცემას ჩურჩულით თაღლითობასაც უწოდებდა.

ტვენმა ეს ადამიანები მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისას მიღწეული წარმატებით გააჩუმა. ის 71 ქალაქში — მათ შორის, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, ინდოეთსა და სამხრეთ აფრიკაში — 122-ჯერ გამოვიდა სიტყვით და საბოლოოდ იმდენი გამოიმუშავა, რომ ყველა ვალის დაბრუნება შეძლო. საგაზეთო სტატიები ახლა უკვე მის ქებაში იყვნენ და მისი წიგნების ახალი ტირაჟებიც წარმატებით იყიდებოდა.

ნახატი, რომელზეც ტვენის სალექციო სიტყვით გამოსვლაა ასახული.

ფოტო: ranscendental Graphics / Getty Images

თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ტვენმა საბანკო ანგარიშის აღდგენის შემდეგ ფულის დაბანდებისგან თავის შეკავება ვერ შეძლო. მან ათასობით დოლარი ჩადო პროტეინის ფხვნილ Plasmon-ში, რომელიც, მისი თქმით, სტეიკთან შედარებით 16-ჯერ მეტ კვებით ღირებულებას იძლეოდა ერთი პენის ფასად და მას "ინდოეთში შიმშილობის დასრულება" შეეძლო.

მწერალმა თავისი წილი პროდუქტის აშშ-ის ბაზარზე გატანისას დაკარგა. Plasmon-ს კი 1907 წელს თაღლითობის ბრალდება წაეყენა, რა დროსაც ტვენმა მასში ჩადებული 30 ათასი დოლარის (დღევანდელი 750 ათასი დოლარი) დაბრუნება სცადა. სასამართლო პროცესზე ტვენმა განაცხადა, რომ კომპანიის პრეზიდენტისთვის, ჰენრი ბატერსისთვის უნდა გადაეხადათ "საუკუნეში 3 დოლარი" და ის იყო "განზრახვით თავხედი, მოქმედებით კი საჭურისი". ტვენს ჰკითხეს, იყო თუ არა ეს პირველი შემთხვევა, როცა თაღლითობის მსხვერპლი გახდა. "არა, იმაზე მეტი თანხა აქვთ ჩემთვის მოპარული, ვიდრე მთელ დედამიწაზე არსებობს", — განუცხადა მან მოსამართლეს.

ამ სიტყვების თქმისას მწერალი შეყოვნდა. "არასწორი იქნება, ვთქვა, რომ მთელი ფული თაღლითებმა დამაკარგვინეს", — განმარტა მან, — "დიდი ნაწილი ბიზნესის ცუდად წარმოების გამო დაიკარგა. ბიზნესში არასდროს ვვარგოდი".