რომის იმპერატორ კალიგულას წვეულებისთვის განკუთვნილი მდიდრული გემიდან შემორჩენილ უძველეს, იშვიათ და ძვირფას მოზაიკურ ნამუშევარს ნიუ-იორკის ერთ-ერთ ბინაში 50 წლის განმავლობაში ყავის მაგიდად იყენებდნენ.

2013 წელს უძველესი მარმარილოსა და ქვის ექსპერტი დელ ბუფალო თავის წიგნზე, სახელად Porphyry, ხელს აწერდა, რომელშიც უძველესი და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების ფოტოებია წარმოდგენილი, მათ შორის იყო დიდი ხნის წინ დაკარგული კალიგულას მოზაიკაც.

"მაგიდას ქალი და ახალგაზრდა ბიჭი მოუახლოვდა, რომელმაც თქვა: "რა ლამაზი წიგნია. ოჰ, ჰელენ, შეხედე, ეს შენი მოზაიკაა". ქალმა კი დაუდასტურა, რომ ნამდვილად ასე იყო", — იხსენებს დელ ბუფალო.

ასე დაადგინა იტალიელმა ექსპერტმა, რომ ნიუ-იორკელმა ხელოვნების დილერმა და გალერეის მფლობელმა ჰელენ ფიორატიმ ქმართან ერთად მოზაიკა 1960-იან წლებში იტალიური ოჯახისგან შეიძინა და ყავის მაგიდად აქცია.

ფოტო: Reddit

ათეულობით საუკუნის წინ ეს მოზაიკა იმპერატორ კალიგულას მიერ მის მკვლელობამდე შეკვეთილი ერთ-ერთი გასართობი გემის იატაკის ნაწილი იყო. კალიგულა სულ ოთხი წლით იყო იმპერატორი, მაგრამ ბევრი წყარო მას სასტიკ და შეშლილ მმართველად ახასიათებს.

კალიგულასთან დაკავშირებული მრავალი არტეფაქტი მისი სიკვდილის შემდეგ განადგურდა, მათ შორის ზოგიერთი რელიკვია გემების ჩაძირვის შემდეგ რომის სამხრეთ-აღმოსავლეთ მდებარე ნემის ტბაში აღმოჩნდა.

1930-იან წლებში ბენიტო მუსოლინის ბრძანებით ნემის ტბა დააშრეს და იქ აღმოჩენილი არტეფაქტები ტბის პირას მდებარე პატარა მუზეუმში გადაიტანეს. თუმცა 1944 წელს, როცა ნაცისტური ჯარები იტალიას ტოვებდა, მათ არქეოლოგიური საგანძური გადაწვეს. მოზაიკა კი ამ შემთხვევას იმის გამო გადაურჩა, რომ ან ხანძრამდე მოიპარეს, ან მას კერძო კოლექციონერი ფლობდა.

ფოტო: The New York Times

სანამ დელ ბუფალო მოზაიკას შემთხვევით იპოვიდა, მანჰეტენის ოლქის პროკურატურა მოპარული ქონების შესახებ მტკიცებულებებს წლების განმავლობაში ეძებდა. მათი აზრით, მოზაიკა ნემის მუზეუმიდან მოიპარეს და დიდი ხნით უკანონოდ ინახავდნენ. ამ შემთხვევითი აღმოჩენის შემდეგ კი მოზაიკა იტალიის მთავრობს დაუბრუნდა.

მოზაიკა ნემის რომაული გემების მუზეუმში განათავსეს. დელ ბუფალომ კი ჰელენს მაგიდის ასლის გაკეთება შესთავაზა.

"მე მაგიდის ისეთ ზუსტ ასლს დავამზადებ, რომ ჰელენი განსხვავებას ვერ შენიშნავს", — ამბობს ბუფალო.