აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, დამაბნეველია, თუ რატომ გრძელდება უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნა, როცა ქართველი ლიდერები სასამართლო რეფორმაზე შეთანხმდნენ. მისი თქმით, ეს იმედგაცრუებას იწვევს. მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმება არის გზამკვლევი ამ რეფორმისთვის და იქ გათვალისწინებულია ვენეციის კომიტეტის რეკომენდაციები.

"ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესი გრძელდება. საქართველოს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ არის მართლმსაჯულების რეფორმის გაგრძელების საჭიროება, რასაც საქართველო აკეთებს ბოლო 15 წლის განმავლობაში. ამაზე მოლაპარაკება შედგა პოლიტიკურ ლიდერებს შორის, მათ შორის 19 აპრილის შეთანხმებისას, რომელიც წარმოადგენს გზამკვლევს, შემდგომი რეფორმების განსახორციელებლად. მისი ყველა ელემენტი ეფუძნება იმ რეკომენდაციებს, რაც მოდიოდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან, მათ შორის ვენეციის კომისიისგან", — თქვა კელი დეგნანმა.

დეგნანმა ასევე აღნიშნა, რომ საელჩო აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სტიმულირებისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისთვის და ამ პროცესში მნიშვნელოვანია მიუკერძოებელი და გამჭვირვალე სასამართლო.

"გასაოცარია, რატომ გრძელდება დანიშვნის პროცესი, როდესაც საქართველოს ლიდერებმა აღიარეს, რომ მეტი სამუშაო არის ჩასატარებელი. გამჭვირვალე, ანგარიშგასაწევი და ღირსეული მართლმსაჯულების უზრუნველყოფისთვის, რასაც იმსახურებს საქართველოს მოსახლეობა. ჩვენი საელჩო აქტიურად მუშაობს საქართველოში ინვესტიციების გასაზრდელად, ეკონომიკის სტიმულირებისთვის და სამუშაო ადგილების შესაქმნელად. აქ გადამწყვეტი როლი ეკისრება სამართლიან, მიუკერძოებელ და გამჭვირვალე სასამართლოს", — თქვა დეგნანმა.

26-27 ნოემბერს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს კანიდატებს მოუსმინეს. ევროკავშირის ელჩი მოსმენას არ დაესწრო და თქვა, რომ მოსამართლეთა არჩევის პროცესი არ არის შესაბამისობაში შარლ მიშელის შეთანხმებასა და მაკროფინანსური დახმარების მიღების სანაცვლოდ წაყენებულ პირობებთან. პროცესს გამოეხმაურა აშშ-ის საელჩოც. ისინი წუხდნენ, რომ მოსამართლეების დანიშვნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ, შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი სასამართლო რეფორმას ეხებოდა. შეთანხმების მიხედვით, არსებული წესით უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნისგან თავი უნდა შეეკავებინათ. ამის მიუხედავად, პარლამენტმა სასამართლოს მოსამართლეობის 6 კანდიდატი უვადოდ დაამტკიცა. პარალელურად კი, ქართული ოცნება აცხადებდა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი მათი მხრიდან სრულდება. იმის საილუსტრაციოდ, რომ შეთანხმებაში ნამდვილად ეწერა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნებისგან თავის შეკავების შესახებ, ამერიკის საელჩომ ტვიტერზე გამოაქვეყნა დოკუმენტის ფოტო, სადაც შეთანხმების ეს ნაწილი ყვითლად არის გახაზული.

ამის შემდეგ იყო ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველომ მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობები ვერ შეასრულა. ჟულიენ კრამპის თქმით, ამ განცხადებამდე ქართული ოცნების ხელისუფლება აქტიურად საუბრობდა იმაზე, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილზე უარს ამბობენ, რადგან მთავრობამ დაიწყო საგარეო ვალის შემცირება და ამ თანხის მიღების აუცილებლობა აღარ არის.

ამასთანავე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის პროცესში გამოვლენილმა ხარვეზებმა ქვეყანაში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის საკითხი რისკის ქვეშ დააყენა.