საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ახალი კვლევით ქვეყნები გარდამავალ პერიოდში, საქართველოს დემოკრატიის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით არ შეცვლილა და ისევ 7-დან 4,61 ქულა მიენიჭა, სადაც 1 საუკეთესო, ხოლო 7 - ყველაზე ცუდია.

კერძოდ, საქართველოს საშუალოზე დაბალი მაჩვენებლები აქვს დემოკრატიულ მმართველობაში, როგორც ადგილობრივ ასევე ეროვნულ დონეზე. საშუალოზე დაბალი ქულა მიენიჭა, კორუფციისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის მხრივ, საარჩევნო პროცესსა და მედიის დამოუკიდებლობაშიც.

ორგანიზაციის ანგარიში დასავლეთ ბალკანეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 29 ქვეყანას ეხება.

დემოკრატიის დონის მიხედვით, საქართველო კვლავ ჰიბრიდული რეჟიმის მქონე ქვეყნების სიაშია, ისევე როგორც უკრაინა, მოლდოვა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო და მაკედონია.

ფოტო: Freedom House

ანგარიშის მიხედვით, ყველაზე უარესი დემოკრატიის ინდექსით, კონსოლიდებული ავტორიტარული რეჟიმის მქონე ქვეყნების სიაში მოხვდნენ: რუსეთი, ბელარუსი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. ხოლო, გამოკვლეული 29 ქვეყნიდან, კონსოლიდებული დემოკრატიის მქონე ქვეყნების რაოდენობა მკვეთრად ჩამორჩება ავტორიტარულს. მათ შორისაა, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, პოლონეთი სლოვაკეთი და სლოვენია.

კვლევის ერთ-ერთი ძირითადი მიგნებაა ის, რომ უნგრეთს ყველაზე დაბალი დემოკრატიის ინდექსი აქვს ცენტრალური ევროპის რეგიონში. ასევე, მკვეთრად დაეცა პოლონეთის ქულაც. კვლევის ავტორები განმარტავენ, რომ ამ ქვეყნებში პოპულისტმა ლიდერებმა საკონსტიტუციო სასამართლოს შეუტიეს და მედია პროპაგანდის იარაღად აქციეს.

კვლევის მიხედვით, დემოკრატიის ინდექსით, ყველაზე მეტად გაუმჯობესდნენ უკრაინა, რუმინეთი და კოსოვო. ავტორები აღნიშნავენ რომ უკრაინამ და კოსოვომ სტრუქტურული რეფორმები განახორციელეს და სწორედ ამიტომ კოსოვომ ჰიბრიდული რეჟიმის მქონე ქვეყნების კატეგორიაში გადაინაცვლა.

საერთო ჯამში, გამოკვლეული 29 ქვეყნიდან, წინა წელთან შედარებით, 18 მათგანის დემოკრატიის ინდექსი დაეცა, რაც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, მეორე ყველაზე დიდი ვარდნაა კვლევის ისტორიაში.

Freedom House-ის 2017 წლის რეიტინგი ასახავს 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს.