შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის სამართალდარღვევაზე 15 ადამიანი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, დააკავეს. უწყება აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე სასამართლო პროცესის პარალელურად გამართული საპროტესტო აქცია მშვიდობიანი შეკრების კანონით დასაშვებ ნორმებს გასცდა.

მათივე თქმით, აქციის იმ მონაწილეების მიმართ, რომლებიც პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ და მათ ძალადობრივი მეთოდებით წინააღმდეგობა გაუწიეს, სამართალდამცველებმა, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.

"სასამართლოს შენობის და ეზოს მიმდებარე ტერიტორიიდან შეკრებილებმა მოგვიანებით გადაინაცვლეს აღმაშენებლის ხეივანში და გზის სავალი ნაწილი უკანონოდ გადაკეტეს. სამართალდამცველთა არაერთი მოწოდების მიუხედავად, გაეხსნათ გზის სავალი ნაწილი, აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები არ დაემორჩილნენ პოლიციის მითითებებს. სასამართლოსთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, შსს-ს თანამშრომლები მობილიზებული რჩებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ", — ნათქვამია განცხადებაში.

უწყება მოქალაქეებსს, პოლიტიკურ ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდებს, დაიცვან მართლწესრიგი და პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს დაემორჩილონ.

"აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი", — აცხადებს შსს.

აქციისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოსთან. სასამართლოს ეზოში, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეიც გამოიყენეს. ადგილზე იყო დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის, რა დროსაც რამდენიმე პირი შეუძლოდ გახდა, მათ შორის ოპერატორები. ადგილზე მყოფები ჟურნალისტებთან ამბობენ, რომ პოლიციამ სპრეი გამოიყენა, რადგან მათ უჭირთ სუნთქვა და სტკივათ თვალები.

მიხეილ სააკაშვილი დღეს თავის სასამართლო პროცესს ესწრება. დღეს სასამართლო 7 ნოემბრის საქმეზე მსჯელობს.

სააკაშვილის პროცესის პარალელურად ოპოზიციამ აქცია დააანონსა. იქამდე, კი თავად ექსპრეზიდენტმა მოუწოდა მხარდამჭერებს ამ დღეს შეკრებისკენ.

ამ სხდომამდე სააკაშვილს სამჯერ უთხრეს უარი საკუთარ პროცესზე დასწრებაზე, მიზეზად იუსტიციის სამინისტრო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და უსაფრთხოებას ასახელებდა. საერთაშორისო პარტნიორები, უფლებადამცველები, ომბუდსმენი, ელჩები და არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს არ უნდა შეეზღუდოს საკუთარ სხდომაზე დასწრების უფლება.

22 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ვინაიდან ექსპრეზიდენტმა შიმშილობა შეწყვიტა, გამოირიცხა ერთი ფაქტორი, რომლის გამოც ის სასამართლოში არ მიჰყავდათ. მისივე თქმით, ექიმების შესაბამისი დასკვნის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა, ის შემდგომ სასამართლო პროცესზე დარბაზში მიეყვანათ.