თამაში ნებისმიერი ასაკისა თუ ლიტერატურული გემოვნების მქონე მონაწილისთვისაა განკუთვნილი და მოიცავს როგორც ონლაინ, ისე გარე სივრცეში ამოსახსნელ თავსატეხებს.

"კითხვა პასუხია" მსოფლიოში კარგად ცნობილი ე.წ. Scavenger Hunt-ის ტიპის თამაშებს ეფუძნება. ეს გასართობ-ინტელექტუალური აქტივობა ძალიან პოპულარულია ამერიკისა და ევროპის საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, სადაც, ჯერ კიდევ, გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან თამაშობენ. თამაშის პრინციპი მარტივია: კონკრეტულ ადგილებში გაბნეული (ან ინტერნეტპლატფორმაზე განთავსებული) მინიშნებების ამოხსნის შედეგად, მოთამაშეებმა მომდევნო დავალებები უნდა მიიღონ და, საბოლოოდ, განძს ან სხვა საკრალურ ნივთს მიაგნონ. მინიშნება შეიძლება იყოს ფიზიკური, ციფრული, ნახატის სახით ან ტექსტი.

"კითხვა თამაშიას"შემთხვევაში, მინიშნებებისთვის ფაქტობრივად ყველანაირი საშუალებაა გამოყენებული. პირველ რიგში, თამაშის მსურველი, სპეციალურად შექმნილ პლატფორმა questions.ge-ზე უნდა დარეგისტრირდეს და თამაშის დაწყებას დაელოდოს. მოთამაშეები კითხვებს ვეფხისტყაოსნის 16 მარცვლიანი ლექსის ფორმით მიიღებენ, მათი ამოხსნის შემდეგ, თუ სწორ პასუხს გასცემენ, მომდევნო კითხვის დრო დადგება. ახალი კითხვის მიღება მოთამაშის სისწრაფეზეა დამოკიდებული, რადგან თამაშის გამარჯვებულს, მხოლოდ სწორად გაცემული პასუხები კი არა, საუკეთესო დროც განსაზღვრავს.

თამაშის ონლაინ ნაწილი სამუშაო დღეებში განხორციელდება, ხოლო შაბათ-კვირას, თბილისის ქუჩებში გასეირნება მოუწევთ. ქალაქის ცენტრალურ უბნებში, მათ აქა-იქ გაბნეული მინიშნებები დახვდებათ და ახლა უკვე მათზე გაცემული პასუხებით გააგრძელებენ სვლას მომდევნო ეტაპებისკენ. მორიგი ეტაპი კი, არც მეტი, არც ნაკლები, კომიქსის მომდევნო გვერდებია, რადგან მთელი თამაშის სიუჟეტი სწორედ გრაფიკული ნოველის სტილისტიკითაა აგებული.

"კითხვა-პასუხიას" იდეის მთავარი ავტორი დავით ბაბიაშვილი გახლავთ, მხატვარი — ირაკლი თოიძე, ხოლო არტდირექტორი, ლევან ასათიანია. ამ სამი ადამიანის უკან კი უამრავი მხატვარი, ანიმატორი და დეველოპერი დგას.

თამაში ორი კვირას გასტანს და საბოლოოდ, 3 გამარჯვებული მოთამაშე ან გუნდი გამოვლინდება. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულები, შესაბამისად, 5000, 3000 და 2000 ლარს მოიგებენ.

თამაშზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო: https://question.ge/

დარეგისტრირდით, მიჰყევით კომიქსის გვერდებს და ამოხსენით თავსატეხები თანხის მოსაგებად. თუმცა, ამაზე მთავარი მაინც ისაა, რომ მოთამაშეები უამრავ კითხვაზე იპოვიან პასუხს, ყველაზე დიდი ჯილდო კი იმის ცოდნა იქნება, რომ კითხვა მართლაც არის პასუხი!

ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი", საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2001 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა.