საქართველოს პირველი არხი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პირდაპირ ეთერში გადაცემის მზადყოფნას გამოთქვამს.

"პირველმა არხმა მიმართა მოსამართლეს, რომ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ვიდეოკამერასთან ერთად, პირდაპირი ჩართვის აპარატიც, ე.წ. ლაივუ შეეტანათ. პირველ არხს დღევანდელი სასამართლო პროცესის პირდაპირ ეთერში გადაცემაზე მოსამართლის თანხმობა ჯერ არ მიუღია", — აცხადებს პირველი არხი.

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი შეუშვეს. სხვა მედიის ჟურნალისტებს პროცესზე მუშაობის საშუალება არ ეძლევათ და სხდომას მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტზე დაყრდნობით აშუქებენ. როგორც ჟურნალისტი ამბობს, მას არ ეძლევა მეხსიერების ბარათის სხდომიდან გატანის საშუალებაც, რათა გადაღებული ვიდეო სხვა მედიას გაუზიაროს.

ექსპრეზიდენტის ადვოკატებმა სხდომის პირდაპირ ეთერში ტრანსლირება მოითხოვეს, თუმცა ამ ეტაპზე ეს შუამდგომლობა დაკმაყოფილებული არ არის. ერთ-ერთ ადვოკატს, შოთა თუთბერიძეს დარბაზიდან ჰქონდა Facebook Live და მედიაც ინფორმაციის მიღებას ასე ცდილობდა, თუმცა მოსამართლემ მისი გათიშვა მოთხოვა.

აღსანიშნავია, დილიდან ჟურნალისტებს არ უშვებენ არც სასამართლოს ეზოში.