დღეს, 27 მაისს, მთავრობის სხდომაზე სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა განიხილეს.

შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ, დავით სერგეენკოს განცხადებით, პროგრამა არ იქნება შუამავალი დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის. მისი თქმით, ის იქნება კერძო, სახელმწიფო თანამშრომლობაზე, პარტნიორობაზე დაფუძნებული მოდელი:

"პოტენციური დამსაქმებელი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს კადრების გადამზადებაში, მათი სასწავლო ცენტრების საშუალებით, რაშიც ასევე ჩართული იქნება სახელმწიფო. ჩვენი შეფასებით, ეს იქნება ძალიან მაღალი წარმატების პროექტი, რომელსაც რეალური შესაძლებლობები ექნება და ეს პროექტი თავის შინაარსით ცალსახა თანხვედრაშია მთავრობის 4 სტრატეგიულ რეფორმასთან".