ჩრდილოეთ კორეა აბსურდული აკრძალვებისა და რეგულაციების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. წელს ქვეყანაში სამხრეთკორეული სლენგის, მოდის, მუსიკისა და ვარცხნილობის გადმოღება და ვიწრო ჯინსები აიკრძალა. ამჯერად ტყავის ქურთუკების ჯერი დადგა.

როგორც ჩანს, ტყავის ქურთუკების აკრძალვის მიზეზი ამჯერად არა კაპიტალიზმის სიმბოლოების წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ კიმ ჩენ ინის მიმბაძველების რიცხვის შემცირება გახდა. ახალი აკრძალვის შესახებ მედიასაშუალება Radio Free Asia-ს ჩრდილოეთ კორეის მოქალაქე ანონიმურად გაესაუბრა.

ანონიმური წყაროს მიხედვით, გრძელი ტყავის ქურთუკები მოქალაქეებში განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც იანვარში გამართულ ღონისძიებაზე სამოსი კიმ ჩენ ინმა და მაღალი თანამდებობის პირებმა მოირგეს. მათ შორის, კიმ ჩენ ინის დაც იყო. ამის შემდეგ ქალებმა და კაცებმა ძვირადღირებული ტყავის ქურთუკების შეძენა დაიწყეს და, წყაროს თქმით, სამოსი ძალაუფლების ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.

ამის შემდეგ ქვეყანაში არალეგალური გზით უამრავი ქურთუკი შემოიტანეს. ახალი აკრძალვის დაწესების შემდეგ პოლიციელები ქუჩებს აკონტროლებენ და მოქალაქეებსა და გამყიდველებს ტყავის ქურთუკებს ართმევენ. წყაროს თქმით, აკრძალვა საზოგადოების ნაწილმა გააპროტესტა, რადგან ტყავის ქურთუკები საკმაოდ ძვირი ღირს, თუმცა უშედეგოდ.

"პოლიციამ მოქალაქეების უკმაყოფილებას იმით უპასუხა, რომ კიმ ჩენ ინისთვის მიბაძვა 'მისი ძალაუფლების ეჭვქვეშ დაყენების უწმინდური ტენდენციაა'. მათ მოსახლეობას ტყავის ქურთუკების ჩაცმა აუკრძალეს, რადგან მმართველი პარტია გადაწყვეტს, ვის აქვს მათი ტარების უფლება", — ამბობს წყარო.